ახალი ამბები

საქართველომ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის დაკითხვასთან დაკავშირებით მიმართა

15 ივნისი, 2017 • 2881
საქართველომ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის დაკითხვასთან დაკავშირებით მიმართა

საქართველომ აზერბაიჯანს მიმართა აფგან მუხთარლის დაკითხვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს, 15 ივნისს, განცხადებები თეა წულუკიანმა და თამარ ხულორდავამ გააკეთეს.

“გაკეთებულია მიმართვა შესაბამის უწყებასთან აზერბაიჯანში, რათა ჩვენმა საგამოძიებო სტრუქტურებმა შეძლონ აფგან მუხთარლის დაკითხვა აზერბაიჯანში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წინ წაწევს გამოძიებას,”- განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

დღესვე ეს ინფორმაცია დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა – “მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს იმისათვის, რომ მთავარი მოწმის და ამ შემთხვევაში, სავარაუდო დაზარალებულის, თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა მოხდეს”.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე დაუკავშირდა საქართველოს შსს-საც. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს, 15 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია  მუხარლის საქმესთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციის თანახმად, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა.

ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საქართველოში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს, საღამოს “გაუჩინარდა”. მომხდარიდან 17 დღე არის გასული. მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შსს-ს მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებული “გამოძიება ტარდება იმისათვის, რომ გამოძიება არ ჩატარდეს”. კერძოდ, ადვოკატის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკითხულია 200 მოწმე, რომლებმაც არაფერი იციან. ამავდროულად, არ არის ამოღებული კამერების ჩანაწერები იმ ქუჩებიდან, რა გზითაც შეიძლება მუხთარლი გამტაცებლებს წაეყვანათ.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს, თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი