ელისო კილაძის შვილი წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის შვილი, დავით ხარშილაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. როგორც ელისო კილაძე ფეისბუკზე წერს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლა მოითხოვა და მის შვილს თავდებად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც დაუდგა, თუმცა, უშედეგოდ. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დავით ხარშილაძის საქმის სამართლებრივი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო საქმე ქრონიკა პლუსის ხელისუფლებისადმი კრიტიკული საქმიანობის გამო შეუკერეს. როგორც ირკვევა, ხარშილაძე 13 მარტს თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე დააკავეს.

“ის იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდში, რადგან მას უნდა გადაეხადა თანხა. ამ მომენტისათვის დაურეკა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც არის პოლიციის ინფორმატორი, და სთხოვა, რომ მისულიყო ამ ადგილას. ეს იყო მისი ნაცნობი, შეიძლება ითქვას, რომ მეგობარიც”, – ამბობს ელისო კილაძე.

დავით ხარშილაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავებისას პოლიციამ მის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  ბრალდების მხარის განმარტებით, ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ხარშილაძე გაქცევას შეეცადა. ხარშილაძემ განაცხადა, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა მას თავზე ე.წ. კაპიშონი გადააფარეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარ ჯიბეებზე კონტროლი დაკარგა, რადგან პოლიციელებმა წააქციეს. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა პოლიციელების ჩვენებებთან და ლაბორატორიულ დასკვნასთან ერთად.

იგი აცხადებს, რომ დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები და მთელი რიგი პროცედურები, რადგან პოლიციელებმა არ განუმარტეს, რის გამო იყო დაკავებული, ამასთან, არც მისი უფლებები აუხსნიათ, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. მოსამართლე ვეფხია ლომიძემ პროკურორებს, დავით მესტვირშვილსა და ვაჟა თოდუას ამ ინფორმაციით დაინტერესებისაკენ მოუწოდა, რაზეც ეს უკანასკნელები დაეთანხმნენ.

გარდა ამოღებული ნარკოტიკებისა, საქმეში მტკიცებულებების სახით დევს 3 პოლიციელის ჩვენება და ლაბორატორიული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხარშილაძეს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ელისო კილაძეს ვკითხეთ, როგორ ხსნის ამას?

“მას პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩაუტარდა ნარკოტესტი, ის იყო სუფთა, გარეგნული დათვალიერების მიხედვითაც ნარკოტიკული თრობა არ აღენიშნებოდა. ამის შემდეგ [ბიოლოგიური] მასალის გარკვეული ნაწილი დაილუქა და სხვაგან გაიგზავნა ლაბორატორიაში. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. დალუქულ მასალაშიც კი ზუსტად ის ნივთიერება ამოუვიდა, რაც მას ჩაუდეს. ცხადია, რომ ეს არის გაყალბებული. ჩემი შვილი არც ნარკომანია და არც ნარკორეალიზტაორი. მას ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და წარმოუდგენელია, რომ ეს პრეპარატები ფიზიკურად მიიღოს”, – ამბობს ელისო კილაძე.

დავით ხარშილაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით: ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ელისო კილაძემ გვითხრა, რომ ხარშილაძე მასთან მუშაობდა გაზეთში  ოფის-მენეჯერად, ხელფასის სახით კი ხელზე 300 ლარს იღებდა. კილაძის თქმით, მისი ინფორმაციით, ნარკოტიკის ის ოდენობა, რომელსაც გამოძიება მის შვილს ედავება, შავ ბაზარზე დაახლოებით 12 000 ლარი ღირს. კილაძე სვამს შეკითხვას? როგორ იყიდდა ადამიანი, რომელსაც 300 ლარი აქვს ხელფასი, ძვირადღირებულ ნარკოტიკს. სასამართლოზე ხარშილაძემ განაცხადა, რომ ის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მატერიალურად კი მშობლები ეხმარებიან.

პროკურორებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ ხარშილაძე ნარკოტიკებს დაუდგენელ ვითარებაში დაეუფლა. სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა პროკურორ ვაჟა თოდუას ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას იმის თაობაზე, თუ რა გარემოებაში შეიძინა ბრალდებულმა ნარკოტიკი, ვისგან და სად იშოვა ფული?

“გამოძიება მიმდინარეობს, ჩატარდება ყველა აუცილებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები იმ პირის დასადგენად, ვინც მასზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა”, – გვითხრა პროკურორმა.

ელისო კილაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მისი შვილი ივანიშვილის მძევალია.

“ჩემი შვილი ციხეში იჯდება იმდენი ხანი, რამდენიც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი იქნება. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი”, – ამბობს ელისო კილაძე.

შსს თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ დავით ხარშილაძე ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული. ბრალდებულმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ნასამართლევი არ არის.

დავით ხარშილაძეს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა 15 მარტს შეუფარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com