საქართველოს პარლამენტი 23.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

პარლამენტმა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

დღეს, 15 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 95 ხმით 7-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებას. კანონპროექტს მხარი ყველა ფრაქციამ დაუჭირა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

მორატორიუმს არაკონსტიტუციურად აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილის განცხადებით, მორატორიუმი სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და ახალი მორატორიუმი თავისი დასაბუთებით არაფრით განსხვავდება წინასგან:

“საქართველომ მთავრობამ იცის ამ მორატორიუმის არაკონსტიტუციურობის შესახებ და ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ, იმავე საფუძვლებით,  არაკონსტიტუციურად ცნობილ მორატორიუმს მეორედ აცხადებს,” – ამბობს ზაქარაშვილი.

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ  8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ გააუქმა კანონის ის მუხლები, რომელთა თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ის მემკვიდრეობით მიიღო, ან მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, უცხოელი ვალდებული იყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე ან/დასაქართველოს იურიდიულ პირზე.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2013 წელს გამოაცხადა. 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

მაშინ საქართველოს მოქალაქეების სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწებს სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეკა ბესელიას თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რათა ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.