ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: მოსალოდნელი იყო, რომ ევროპარლამენტი მკაცრ რეზოლუციას მიიღებდა

15 ივნისი, 2017 • 1756
ირმა ინაშვილი: მოსალოდნელი იყო, რომ ევროპარლამენტი მკაცრ რეზოლუციას მიიღებდა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების საქმეზე მკაცრ რეზოლუციას მიიღებდა.

ირმა ინაშვილის თქმით, ასეთი ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს:

“ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სათანადო ორგანოებს, რომ სასწრაფოდ დასრულდეს გამოძიება და გაირკვეს, რა ვითარებაში მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება. ეს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, თუ არ მოხდა, ვინ განახორციელა და რა მიზნით – ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს. საქართველოს სახელმწიფოს იმიჯმა დიდი დარტყმა მიიღო და კიდევ იქნება დარტყმები,” – განაცხადა ინაშვილმა.

დღეს, 15 ივნისს ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მხრიდან  საქმეზე გამოძიების დაწყებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანამ  ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუხთარლის საქართველოში გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო არალეგალური გადაყვანის საქმე გამოიძიოს.

იმ შემთხვევაში კი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა. ევროპარლამენტარები მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებენ.

ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საქართველოში საკუთარ ოჯახს  დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი