ახალი ამბები

სუბარი: EP-ს რეზოლუციაში საქართველოს მიმართ კითხვები შეეხება გამოძიებას მუხთარლის საქმეზე

15 ივნისი, 2017 • 1499
სუბარი: EP-ს რეზოლუციაში საქართველოს მიმართ კითხვები შეეხება გამოძიებას მუხთარლის საქმეზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს მიმართ კითხვები არსებობს იმის თაობაზე, თუ როდის დასრულდება გამოძიება აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმეზე.

“ევროპარლამენტში იყო სხვა თემის განხილვა, რაც შეეხება აზერბაიჯანს. აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი თემის. საქართველოსთან არის ერთადერთი კითხვა, რომ როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. რასაც ჩვენ ვაკეთებთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი აცხადებს, რომ ერთადერთი წყარო, ვინც მუხთარლის შესაძლო გატაცებაზე საუბრობს, არიან მუხთარლი და მისი ადვოკატები.

“თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრუებულშიც. მე არ ვამბობ ქალაქის ცენტრში, ადამიანს რომ დახვდეს ვიღაცა, თავზე ტომარა ჩამოაცვას, ჩატენონ მანქანაში, მინიმუმ 20-30 ადამიანი იქნება, ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს და ზუსტად 5 წუთში ეს ყველაფერი იქნება სოციალურ ქსელზე დაფიქსირებული. არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყვის, რომ მის წინ რაღაც საეჭვო მოხდა. მე ვერ წარმომიდგენია ასეთი რამე. მიუხედავად ამისა, სანამ გამოძიება დამთავრდება, მე დასკვნებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა სუბარმა.

მინისტრი ამბობს, რომ დაცვის მხარეს პროკურატურის მსგავსად შეუძლია გამოძიების ჩატარება.

“დაცვის მხარეს საპროცესო კანონმდებლობით აქვს ზუსტად ისეთივე უფლება ჩაატაროს გამოძიება, როგორც აქვს შსს-ს ან პროკურატურას. მათ შეუძლიათ მონახონ, დაკითხონ ის ადამიანები, ვინც შეიძლება იქ ყოფილიყვნენ. ვიდეოჩანაწერებში რამე რომ მონახულიყო, ჩვენ გვეცოდინებოდა ალბათ. ჯერჯერობით მუშაობა გრძელდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით, კითხვები ჩნდება იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მუხთარლი ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან მეორის ტერიტორიაზე. თუმცა ის ფაქტი, რომ მუხთარლის არც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროსთვის და არც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის მიუმართავს, აფიქრებინებს, რომ მას არ დევნიდნენ.

“მის მიმართ თუ დევნა იყო მეზობელ სახელმწიფოში და  თუ რამე საფრთხეს გრძნობდა, შეეძლო მიემართა ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი. ან თბილისში არის ოფისი ამიერკავკასიაში გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის და მიემართა მათთვის. თუ მას ჰქონდა ეჭვები ჩვენ მიმართ, რომ შეიძლება ხათრი გვქონოდა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი არის ის ორგანო, რომელიც არ ითვალისწინებს ხათრებს რომელიმე ქვეყნის მიმართ და ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს. ის, რომ მას არ მოუმართავს ჩვენთვის, მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდა. რა მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე გამოძიება გასცემს აუცილებლად პასუხს”, – ამბობს სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი