ახალი ამბებისამართალი

ქალი აცხადებს, რომ პოლიციელებმა სცემეს

15 ივნისი, 2017 • 6402
ქალი აცხადებს, რომ პოლიციელებმა სცემეს

“თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე აცხადებს, რომ ნაცემია ქალი, რომელიც ამჟამად ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება, სადაც თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

“დღეს დილით დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა. მითხრა, რომ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არის პოლიციელების მიერ ნაცემი ქალი. მივედი და მართლაც დამხვდა 21 წლის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპელი ქსოვილების სახით. მუხლებზე კანი გადაცვქლეფილი, სისხლიანი. თავზე მრავლობითი კოპი, ამოგლეჯილი თმის ადგილი მკვეთრად გაწითლებული.

ქალი განმარტავს, რომ დღეს, დილის 5 საათზე, ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსმა და ამავე განყოფილების კიდევ ორმა პოლიციელმა სცემა. ამ წუთას ვართ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში. ქალს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა”, – წერს ბერიანიძე ფეისბუკში.

იურისტი ნინო ბოლქვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საავდმყოფოს ადმინისტრაციამ მას, საიას და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უარი უთხრა პაციენტთან შეშვებაზე. თუმცა, მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოს დაცვამ მასთან პოლიციელები შეუშვა. მაგრამ, როგორც ამბობს, პოლიციელბთან ერთად თავადაც მოახერხა პაციენტთან პალატაში შესვლა.

“საფრთხე არის, რომ მოხდეს ზეწოლა პოლიციელების მხრიდან,” – ამბობს ნინო ბოლქვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ბოლქვაძის თქმით, დაზარალებულ ქალს მოქალაქესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც თავად გამოუძახა პოლიციას, თუმცა, როგორც თავად ჰყვება, პოლიციელების მხრიდან ამას არ მოჰყოლია რეაგირება, რის შემდეგაც ხელთავიდან განახორციელა გამოძახება და შემთხვევის ადგილზე იმავე განყოფილების სხვა თანამშრომლები მივიდნენ.

“კამათის დროს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს და ამის საპასუხოდ პოლიციელმა თმაში მოჰკიდა ხელი, შედგა ფეხებით და სცემა. აქვს მრავლობითი დაზიანება მიყენებული,” – უთხრა ნეტგაზეთს ნინო ბოლქვაძემ.

შსს-ს ამბობს,  რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

“პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის თქმით, პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა. როგორც შსს ირწმუნება, ქალს სხეულზე დაზიანებები პოლიციის მისვლამდეც აღენიშნებოდა. შსს ავრცელებს ვიდეომასალასაც, რომელიც ორ ქალს შორის ჩხუბს ასახავს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან აღნიშნული პირები. შსს-ს ცნობით, ვიდეო მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი