ახალი ამბები

კიდევ ერთი დაკავებული ამბობს, რომ პოლიციელებმა ჩაუდეს ნარკოტიკი

15 ივნისი, 2017 • 2339
კიდევ ერთი დაკავებული ამბობს, რომ პოლიციელებმა ჩაუდეს ნარკოტიკი
“თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკის ჩადების კიდევ ერთ საქმეზე საუბრობს. ამჯერად საქმე ეხება  ჯემალ (ბაჩო) სირაძეს, რომელიც  21 მაისს არსენას ქუჩაზე დააკავეს. მისი ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, დაკავებისას სირაძის არაერთი უფლება დაირღვა.
“თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლის, იურისტ გიორგი მახარაძის განცხადებით, დაკავებულმა 2 დღის განმავლობაში საერთოდ არ იცოდა, ბრალი რაში ედებოდა, ასევე, საათების განმავლობაში შეეზღუდა ადვოკატით სარგებლობის უფლება. არავინ დაკავშირებია ოჯახს.
“პრაქტიკულად გაიტაცეს ეს ადამიანი. გვიანი იყო, ტაქსით წამოვიდა, ნიშნობას გეგმავდა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად. წამოვიდა იქიდან, სახლში მიდიოდა. “იანდექსის” ტაქსი იყო, შეამჩნია, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდა. ჩიხში შევიდნენ და იქ მანქანით პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და დააკავეს. მოწმეები არიან იქ მაცხოვრებლები, რომელთა შორის შემთხვევით აღმოჩნდა ბაჩოს ნაცნობი. გადაჭრით ვერ ვიტყვით, ტაქსის მძღოლი შსს-სთან თანამშრომლობდა თუ არა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ძალიან  უცნაური იყო მისი ქმედებები”,- ამბობს იურისტი.

დაკავებულს ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინა. ადვოკატი გვიყვება, რომ თავად პოლიციელებმა აიღეს ნერწყვის ნიმუში, რაც კანონდარღვევა, ნიმუშს ექსპერტი უნდა იღებდეს. მისივე თქმით, ჯემალ (ბაჩო) სირაძის დაკავება სწორედ იმ სამმართველომ განახორციელა, რომელი სამმართველოც “ბირჟა მაფიის” რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავების საქმეში ფიგურირებენ. რეპერები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მართალია, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა მას შემდეგ, რაც რეპერების დაკავებას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

“ბრალი 2 დღის შემდეგ წაუყენეს. იქამდე, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რა ჩაედოთ. ჩვენ მოწმეებიც გვყავს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ადგილზე ჩხრეკა არ მომხდარა. ასევე ვმუშაობთ სხვა მტკიცებულებების მოპოვებაზე.  ეს ამბავი მნიშვნელოვანია იმით, რომ სადაც ჩადებაა ამ ქალაქში, ყველგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო ფიგურირებს”,- ამბობს იურისტი.
ჯემალ სირაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სუბოტექსის ფხვნილის შეძენა/შენახვას ედავება. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. “თეთრი ხმაურის მოძრაობა” საქმეში 3 დღეა ჩაერთო. წინასასამართლო სხდომა 19 ივნისსაა დანიშნული. თავად დაკავებულმა გუშინ, 14 ივნისს პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო.
“ბაჩო საზღვარგარეთ იყო და რომ ჩამოვიდა, დახვდა აეროპორტში ამ სამმართველოს ხელმძღვანელი იოსებ სიგუა და უთხრა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თორემ ჩაუდებდნენ. ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ვხვდები, მაგრამ რაღაც ინტერესი რომ არის მის მიმართ, აშკარაა”,- ამბობს ადვოკატი გიორგი მახარაძე.
“ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ნარკოტიკის ჩადებასთან დაკავშირებით ბრალდბას კატეგორიულად უარყოფენა და არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი