ახალი ამბები

კაჭკაჭიშვილი: საზმაუზე “თავისუფლების” გადაცემების დახურვა რაციონალურ ლოგიკაში არ ჯდება

15 ივნისი, 2017 • 5038
კაჭკაჭიშვილი: საზმაუზე “თავისუფლების” გადაცემების დახურვა რაციონალურ ლოგიკაში არ ჯდება

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუკში ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, აღარ გააგრძელოს კონტრაქტი რადიო თავისუფლებასთან, რის შედეგადაც ეთერში აღარ გავა გადაცემები, “წითელი ზონა” და “ინტერview”. გთავაზობთ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებებს ამ საკითხზე:


1. საზმაუს მენეჯმენტის არც ერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ „წითელი ზონა“ და „ინტერვიუ“ უხარისხო მედიაპროდუქტია. პირიქით, ია ანთაძე ამბობს, რომ მისთვის სალომე ასათიანი სანიმუშო ჟურნალისტია, ხოლო „ინტერვიუ“- „უაღრესად საინტერესო გადაცემა“ (თავად იას სიტყვებია).

2. ამავე დროს, სულხან სალაძის მიერ მკაფიოდ ითქვა, რომ „რადიო თავისუფლებასთან“ კონტრაქტის გაგრძელება სამართლებრივად არანაირ წინააღმდეგობას არ შეიცავს; ანუ, საზმაუს მენეჯმენტს ამ კონტრაქტის გაგრძელების უფლება უპრობლემოდ ჰქონდა.

3. იმის მტკიცება, რომ გოგი გვახარია და სალომე ასათიანი ვერ იქცნენ (და ვერც ვერასოდეს იქცეოდნენ) საზმაუს სახეებად, ანუ პირველი არხის იმიჯის გაძლიერება „რადიო თავისუფლების“ ხარჯზე ხდება, ძალზე სუსტად გამოიყურება:

ა) ჯერ ერთი, ვინ თქვა, რომ გოგის და სალომეს იდენტიფიკაციას მაყურებელი პირველ არხთან არ ახდენს? სწორედაც რომ პირიქით;

ბ) ღრმა შეცდომაა, რომ მოდერნულ საზოგადოებაში წარმატებული ადამიანების სოციალური კაპიტალი „მონოიმიჯიანი“ იყოს; პირიქით, ის ყოველთვის „პოლიიმიჯიანია“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა ასპარეზი აქვთ. მესმის, რომ ეს სხვადასხვაობა ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს და აზარალებს (მაგალითად, კარგი ჟურნალისტი პარალელურად ვერ იქნება პოლიტიკური პარტიის წევრი); თუმცა უამრავი შემთხვეაა, როდესაც ადამიანის სხვადასხვა სოციალური ასპარეზი თავსებადია და ერთმანეთს აძლიერებს (მაგალითად, მეცნიერი/მკვლევარი შეიძლება ეწეოდეს ჟურნალისტურ საქმიანობას, მასწავლებელი შეიძლება იყოს მწერალი, ან მწერალი შეიძლება იყოს პარლამენტის ბიბლიოთეკის კარგი დირექტორი და ა.შ.). მით უფრო პირობითი ხდება სხვადასხვაობა მაშინ, როდესაც ის ერთი სფეროს – მედიის – შიგნით თავსდება („რადიო თავისუფლებაც“ და პირველი არხიც მედიაორგანიზაციებია).

გ) სრულიად გაუგებარია, რატომ არის ხარვეზიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების (ამ შემთხვევაში, საზმაუს და „რადიო თავისუფლების“) თანამშრომლობა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამშრომლობა ნაყოფიერია. პირიქით, ხარვეზიანი იზოლაციონიზმი ყოვლისშემძლეობაზე პრეტენზიაა.

4. ფინანსურად უფრო იაფი (თანაც, ხარისხიანი) გადაცემების ბადეში შემოტანა, ვიდრე „ინტერვიუ“ და „წითელი ზონა“ ჯდებოდა, პრაქტიკულდ შეუძლებელია (როგორც გავიგეთ, ამ ორი გადაცემის ბიუჯეტს თუ დავაჯამებთ, ერთი გადაცემის ფასი საშუალოდ მხოლოდ 2500 ლარია!)

5. საზმაუს არავინ უშლის ხელს, რომ მის ბადეში გააჩინოს ალტერნატიული პოლიტიკური თოქშოუ, ან საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემა და ამით შექმნას შიდაკონკურენტული გარემო, რომელიც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება არხის ხარისხს.

მაშ, რაღა რჩება?

რჩება ის, რაც რაციონალურ ლოგიკაში აღარ ჯდება… ასეთი კი ბლომად ვნახეთ ბოლო 25 წლის მანძილზე: პოლიტიკური გავლენებით დაწყებული, კლანური ინტერესებით ან პირადი ამბიციებით გაგრძელებული და არაპროფესიონალიზმით დასრულებული.

უაღრესად სამწუხაროა ეს ამბავი…

მასალების გადაბეჭდვის წესი