ახალი ამბები

ადვოკატი: პოლიციას ჯერ არ დაუთვალიერებია აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ადგილი

15 ივნისი, 2017 • 2075
ადვოკატი: პოლიციას ჯერ არ დაუთვალიერებია აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების ადგილი

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიების მასალებს გაეცნო, ამბობს, რომ პოლიციას 29 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ჯერ კიდევ არ დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი, ასევე, კვლავ ამოსაღებია ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

ჩოფიკაშვილის თქმით, ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ “გამოძიება ტარდება იმისათვის, რომ გამოძიება არ ჩატარდეს”.

“მთაწმინდაზე მოხდა გატაცება და შემთხვევის ადგილიც კი არ არის დათვალიერებული გამოძიების მიერ ამ დრომდე. ასევე, მთაწმინდაზე არის მხოლოდ ერთი კამერის ჩანაწერი ამოღებული, სასტუმროდან, რომელსაც, ჩვენ 1 კვირის წინ ვუთითებდით და ვითხოვდით,”- განაცხადა მან.

ჩიფიკაშვილი ასევე ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს ამოღებული ვიდეოჩანაწერები, რომელზეც შესაძლოა ასახული იყოს გამტაცებლების გადაადგილება აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ:

“ვგულისხმობ მთაწმინდაზე არსებულ სათავალთვალო კამერებს, ჩიტაძის ქუჩაზე, მაგალითად, სადაც შეიძლება, რომ ის ჩამოეყვანათ. არ არის ამ კუთხით არავითარი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, საქმის მასალების მიხედვით. ის ვიდეომასალებიც, რაც არის ამოღებული კოლმეურნეობის მოედნიდან, ძირითადად ამოღებულია გამოძიების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება აგროვებდა მხოლოდ იმ მოწმეების ჩვენებებს, ვინც არაფერი არ იცოდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც საგანგაშოა… გატაცების ზუსტი დრო თითქმის ცნობილია, ვიდეოკადრებიდან და ჩვენებებიდან გამომდინარე. ამდენად, დროის ძალიან პატარა მონაკვეთია გადასამოწმებელი გზაზე არსებულ ვიდეოკამერებზე, რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ ჩატარებულა,”- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

“ორგანიზებული კირმინალისა და კორუფციის კვლევის” (OCCRP) ჟურნალისტებმა ერთ-ერთი კომპანიისგან მოიპოვეს ვიდეოჩანაწერები, თუმცა  ჩანაწერის ის მონაკვეთი, როცა მუხტარლის, სავარაუდოდ, კამერის წინ უნდა ჩაევლო, შეცვლილია. OCCRP  აღნიშნავს, რომ ამ კომპანიაში პოლიციელები ჟურნალისტების მისვლამდეც და მათი წასვლის შემდეგაც იყვნენ მისული.


 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, საღამოს თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ჟურნალისტებმა არაერთი აქცია გამართეს აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისიდან სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას დამაჯარებელი პასუხები მოთხოვეს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომლებიც აფგან მუხთარლის შსაძლო გატაცებას უკავშირება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი