ახალი ამბები

TI: სასოფლო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება არაკონსტიტუციურია

14 ივნისი, 2017 • 3120
TI: სასოფლო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება არაკონსტიტუციურია

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” განცხადებით, თუ პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმს გამოცხადებს, ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იქნება.

ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილის თქმით, ეს აკრძალვა თავისი დასაბუთებით არაფრით განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლის მიერ 2014 წელს გაუქმებული მორატორიუმისგან:

“მოქმედი კონსტიტუციის პირობებში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი გადაწყვეტილება. ერთ შემთხვევაში, სასამართლომ ბლანკეტური აკრძალვა გააუქმა; მეორე შემთხვევაში – მორატორიუმი გაუქმდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ პარლამენტი მორატორიუმს გამოაცხადებს, ისიც არაკონსტიტუციური იქნება. საქართველომ მთავრობამ იცის ამ მორატორიუმის არაკონსტიტუციურობის შესახებ და ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ, იმავე საფუძვლებით, ერთხელ არაკონსტიტუციურად ცნობილ მორატორიუმს მეორედ აცხადებს,” – ამბობს ზაქარაშვილი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

“არ არსებობს კონსტიტუციის იმ მუხლის პროექტი, რომლითაც უცხოელებზე გაყიდვა აიკრძალება. ხან ამბობენ, რომ აბსოლუტური აკრძალვა იქნება, ხან ამბობენ, რომ გამნაკლისს დაუშვებენ. ხელისუფლებამ მოქალაქეებს და ინვესტორებს უნდა უთხრას, რას აპირებს”, – ამბობს თეო ზაქარეიშვილი.

___________________________________________________________________

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ  8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ. სასამართლომ გააუქმა კანონის ის მუხლები, რომელთა თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ის მემკვიდრეობით მიიღო, ან მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, უცხოელი ვალდებული იყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე ან/დასაქართველოს იურიდიულ პირზე.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2013 წელს გამოაცხადა. 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

მაშინ საქართველოს მოქალაქეების სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწებს სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეკა ბესელიას თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რათა ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი