ახალი ამბები

დოკუმენტაციის გარეშე დაწყებული მშენებლობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ზონაში

14 ივნისი, 2017 • 3044
დოკუმენტაციის გარეშე დაწყებული მშენებლობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ზონაში

ავტორი: ნანუკა ბრეგაძე/ ifact.ge


 

ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობა  კომპანია „ტრიპელ ეიმ”  თბილისში, ბარნოვის  10-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ზონაში  2017  წლის 7 მაისს ისე დაიწყო, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა არ ჰქონდა. კომპანიის დირექტორის, ნინო სიხარულიძის თქმით,  დამატებით დოკუმენტაციას ისინი ახლა ამზადებენ.

4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა კომპანიამ თბილისის არქიტექტურის  სამსახურისგან 2017 წლის 23 თებერვალს მიიღო. მშენებლობა კი 7 მაისს დაიწყო. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”  კანონის თანახმად, კომპანიას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ნებართვის მიღებიდან მშენებლობის დაწყებამდე უნდა მოემზადებინა და მერიისთვის წარედგინა. კვლევის ამსახველი დოკუმენტი “აი, ფაქტმა” ვერც მერიისგან მიიღო და ვერც თავად კომპანიის ხელმძღვანელისგან.

მშენებლობა ბარნოვის 10-ში

მშენებლობა ბარნოვის 10-ში

საინჟნრო-გეოლოგიური კვლევა სამშენებლო ტერიტორიაზე ქანების ფიზიკურ–მექანიკური მდგომარეობასა და გრუნტის წყლის დონეს ამოწმებს. ეს კვლევა ერთ–ერთი დოკუმენტია, რომელზე  დაყრდნობით უნდა დაპროექტდეს შენობა და  შემდეგ სამშენებლო პროცესი.

შპს „ტრიპელ ეის“ დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “My Building” აწარმოებს.  „ტრიპელ ეის” 100-პროცენტიანი  წილის მესაკუთრე ირანის მოქალაქე, ამირ აშკან აგჰელია. კომპანიამ სასტუმროს მშენებლობა ორ წელიწადში  უნდა დაასრულოს.

მედეა ბოჭორიშვილის ფანჯრები პირდაპირ სამშენებლო მოედანს გადაჰყურებს. მან, ისე როგორც მისმა მეზობლებმა, მშენებლობის შესახებ მისი დაწყების მომენტამდე არაფერი იცოდა. მშენებელ კომპანიას არც მოსახლეობა გაუფრთხილებია, არც ბანერი გამოუკრავს, რასაც მას “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” კანონი ავალდებულებს.  

“მეზობლის ზარმა გამაღვიძა. მითხრა, გადაიხედე, შენს ფანჯრებთან რა ხდებაო. მიწისმთხრელი მუშაობდა, 8–9 მანქანას ინტენსიურად გაჰქონდა მიწა. კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ. თუმცა ეს დოკუმენტი მაშინვე ვერ გვაჩვენეს, ჯიხური არ გვაქვსო და  მოგვიანებით მოიტანეს,”– ამბობს ბოჭორიშვილი.

მშენებლობა 2017 წლის 7 მაის, თბილისის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე  დაიწყო. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების დაწყების პირველივე დღიდან მიწის საინჟინრო–გეოლოგიური კვლევის ჩვენებას მოითხოვდა, რაც  კომპანიამ  მოქალაქეებს ვერ წარუდგინა. კვლევა დაინტერესებულ მხარეს დღემდე არ უნახავს.   

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მშენებლობის შესაჩერებლად პატრული 7 მაისსვე გამოიძახეს. პატრულმა მშენებელს მუშაობა არ შეაწყვეტინა.  მოსახლეობამ შემდეგ  მერიის ზედამხედველობის სამსახურს სთხოვა დახმარება. მათ კომპანიას მშენებლობა საჭირო დოკუმენტაციის უქონლობის გამო მეორე დღესვე, 8 მაისს შეაჩერებინეს.  იძულებით შეჩერების შემდეგ, 27 მაისს კომპანიამ ისევ სცადა მშენებლობის განახლება და მოსახლეობის მიერ გამოძახებულ პატრულს გეოლოგიური დასკვნა წარუდგინა.

მედეა ბოჭორიშვილი და მანანა ბუაჩიძე სამშენებლო მოედნის მიმდებარედ ცხოვრობენ. აღნიშნული დასკვნის ნახვა მათაც უნდოდათ. თუმცა მშენებლები თავს ვალდებულად არ მიიჩნევდნენ, დოკუმენტი მათთვისაც გაეზიარებინათ.

“1–2 აბზაციანი დოკუმენტი იყო. პატრულს გამოვგლიჯეთ ხელიდან, თუმც, ნორმალურად წაკითხვა არც პატრულმა დაგვაცადა,” – გვეუბნება ბუაჩიძე.

საინჟინრო–გეოლოგიური დასკვნა არც www.tas.ge-ზე გამოუქვეყნებიათ. www.tas.ge თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდია, სადაც თბილისში მიმდინარე სამშენებლო პროექტების შესახებ ტექსტური და ვიზუალური მონაცემებია ატვირთული.  

მშენებლობისთვის აუცილებელი  დოკუმენტაცია თბილისის მერიიდან  “აი, ფაქტმა” მიმდინარე წლის 22 მაისს გამოითხოვა. თუმცა მერიიდან მიღებულ პასუხში ვერც  საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა  და ვერც  მშენებლობისთვის აუცილებელი სხვა  დოკუმენტაცია ვერ ვიპოვეთ.

საბოლოოდ, 29 მაისს მერიის იურიდიულმა სამსახურმა მშენებლობის შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსახლეობის მიერ 11 მაისს შეტანილი სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები მშენებლობისთვის გაცემული ყველა დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნა თბილისის მერიამ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ძალაშია, ვიდრე მერიის იურიდიული სამსახური საბოლოო დასკვნას არ გამოაქვეყნებს.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის, რიტა ყაველაშვილის თქმით, როდის გამოაქვეყნებს იურიდიული სამსახური დასკვნას,  იმაზეა დამოკიდებულია, თუ რა დრო დასჭირდება საქმის შესწავლას. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, თუ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის რომელი მუხლით მიმდინარეობს დანაშაულის გამოძიება.    

[blue_box]კომპანიის ვერსია[/blue_box]

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მოსაძიებლად კომპანიის წარმომადგენელს, ნინო სიხარულიძეს “აი, ფაქტი” 2 ივნისს დაუკავშირდა. სიხარულიძემ გვითხრა, რომ კომპანიამ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა 2-3 კვირის წინ გააკეთა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა მისი ჩვენთვის გაზიარება.

“არ ვთვლი, რომ ვარ ვალდებული, გაგიზიაროთ ან პროექტი, ან დასკვნა ან სხვა რამე დოკუმენტი,” – გვითხრა სიხარულიძემ სატელეფონო ინტერვიუში.

ნინო სიხარულიძის ნათქვამიდან გამომდინარე, კომპანიამ კვლევა მშენებლობის დაწყების შემდეგ მოამზადა და არა მანამდე (როგორც კანონით ევალებოდა). ჩვენი საუბარი 2 ივნისს შედგა, 2-3 კვირით ადრე პერიოდი კი, დაახლოები, 12 მაისია.   მოსახლეობის თქმით, მშენებლობა 7 მაისს დაიწყო.   

ნინო სიხარულიძემ “აი, ფაქტთან” საუბარში ისიც აღნიშნა, რომ პროექტის კონსტრუქციული პარამეტრების ცვლილების გამ, საჭირო გახდა ახალი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც კომპანიამ უკვე დაუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

სამხარაულის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა ჭუმბურიძემ გვიპასუხა, რომ არც კომპანია “თრიფელ ეისა” (საიდენტიფიკაციო კოდი 404523725), არც კომპანიის დირექტორ ნინო სიხარულიძის და არც მათი იურისტის, გიორგი ოთარიძის სახელით ბიუროს შეკვეთა (2017 წლის 7 ივნისის მონაცემებით) არ მიუღია.

[red_box]საფრთხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს [/red_box]

რუკა

რუკაზე ლურჯად შემოხაზული ტერიტორია კომპანიის მიწის საკადასტრო საზღვრებია, მოსაზღვრე ტერიტორიის ღია-ყავისფერი შეფერილობა კი ისტორიული განაშენიანების ზონის აღმნიშვნელი პირობითი ფერია.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიული რუკა აჩვენებს, რომ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც “თრიფელ ეიმ” 01.15.02.038.003 საკადასტრო კოდის ნაკვეთზე დაიწყო, “ისტორიული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების” ზონაშია მოქცეული.

მშენებლობა ბარნოვის 10–ში მდებარე 49–ე საჯარო სკოლასა და ბარნოვის 8–ში, საცხოვრებელ სახლს ესაზღვრება. 2007 წელს ორივე შენობას კულტურული მემკვდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  

49-ე სკოლა, ყოფილი ე.წ. „ლევანდოვსკის გიმნაზია“  1907 წელს არის აშენებული. საცხოვრებელი სახლი კი  1958 წელს ააგეს.

“ტფილისის ჰამქრის” ხელმაძღვანელის, ცირა ელისაშვილი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (მუხლი 34, 35). კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აქვს თავისი დამცავი ზონა, რომელიც ადგენს, ძეგლიდან რა რადიუსში არის დასაშვები მშენებლობა.

“ამ შეთხვევაში დამცავი ზონები დარღვეულია, ”– ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით,  მშენებლობის დროს  გათვლილი უნდა იყოს მომიჯნავე შენობების კონსტრუქციული მდგომარეობა. რადგან ბარნოვის 8 და 10 ნომრებს პრობლემები აქვს,  ამ შემთხვევაში პროექტირებაში უნდა ყოფილიყო ჩართული არსებული შენობების გამაგრების საკითხი.

“იქ ხალხი ცხოვრობს და ახალმა ნაგებობამ არ უნდა დააზიანოს მათი მდგომარეობა,” – აცხადებს ელისაშვილი.

ამ საკთხთან  დაკავშირებით ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა 23 მაისს წერილი კულტურის მინისტრსაც მისწერეს.  წერილს 37 მოქალაქე აწერს ხელს. კულტურის სამინისტროდან ჯერ პასუხი არ მიუღიათ.


“აი, ფაქტი” აგრძელებს მუშაობას იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეიძინა აღნიშნულმა კომპანიამ ბარნოვის 10 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი, როგორ მიიღო მშენებლობის ნებართვა ქალაქის მერიისგან და რატომ არ აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი