ახალი ამბები

მითები პარტიის წევრ ქალებზე და მათი დეკონსტრუქცია – საფარის კვლევა

13 ივნისი, 2017 • 3074
მითები პარტიის წევრ ქალებზე და მათი დეკონსტრუქცია – საფარის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარიმ” გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით კვლევა ჩაატარა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებული ქალების გარშემო არსებული მითების აღმოჩენასა და მათ დეკონსტრუქციას ეხება. კვლევის ფარგლებში  4 საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წევრებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩაწერეს თბილისში, სამეგრელოსა და კახეთში.

კვლევა ორი ნაწილისგან შედგება. მისი ერთი ნაწილი კონფიდენციალურია და, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ შედეგებს პოლიტიკურ პარტიებს დახურულ შეხვედრებზე გააცნობენ. კვლევის ზოგად ნაწილში კი ის 26 მითია გაანალიზებული, რომელსაც კვლევის ავტორების თქმით, ამ პარტიებში გაწევრიანებული ქალები აწყდებიან, რაც საბოლოო ჯამში, მათ ნაკლებ ჩართულობას განაპირობებს პოლიტიკურ საქმიანობაში.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქალების გარიყვა პოლიტიკური საქმიანობიდან არ არის განპირობებული ქალების ბიოლოგიური სქესით ან ე.წ. ქალური თვისებებით. ეს მოვლენა სოციალურად კონსტრუირებულია და შექმნილია პარტიული კაცების მიერ, მათივე პრივილეგიებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

მითი 1 – პარტიული კაცი კომპეტენტურია

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ამ მითის მიზანი პარტიაში კაცური პრივილეგიებისა და ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამისთვის კომპეტენტური ადამიანები (ქალები) პარტიაში არ მოჰყავთ, რათა კაცების არაკომპეტენტურობა არ გამჟღავნდეს. გარდა ამისა, ხდება არაელიტური ადამიანების (ქალების) პარტიიდან გარიყვა, რომლებიც შეიძლება უფრო კომპეტენტური იყვნენ, ვიდრე კაცები. ამასთანავე, სირთულეა ქალის კომპეტენტურობის საჯაროდ აღიარება. ამის ფონზე, კვლევის ფარგლებში, როგორც ავტორები ამბობენ, მონაცემებმა აჩვენა, რომ ქალები რიგ შემთხვევაში კაცებზე კომპეტენტური არიან.

მითი 2 – პარტიული ქალი არაკომპეტენტურია

ამ მითის მიზანიც იგივეა, რაც წინა შემთხვევაში. კვლევის ფარგლებში შესწავლილ მონაცემებზე დაყრდნობით, ავტორები ამბობენ, რომ შესწავლილ პოლიტიკურ პარტიებში ქალები კომპეტენტურები, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახულები არიან, თუმცა მათი დაწინაურება არ ხდება. “პარტიაში უშვებენ მხოლოდ აგიტატორებსა და ქვედა რგოლის ქალ აქტივისტებს, რომელთა განათლების დონე დაბალია და ყოფითი ცხოვრება ძალიან გაჭირვებული. ისე ჩანს, თითქოს ყველა ქალი გაუნათლებელი და ღარიბია, კმაყოფილია აგიტატორად ან კომისიის მდივნად მუშაობით, თუმცა, სინამდვილეში, ბევრი განათლებული ქალი არ არის პარტიაში რეკრუტირებული” – ვკითხულობთ კვლევაში.

მითი 3 – წარმატებული პოლიტიკოსი ქალი “კონფლიქტურია”

ამ მითის მიზანია “მამაკაცური თვისებების სტანდარტად ქცევა და ამით ძალაუფლების და პრივილეგიების შენარჩუნება პარტიაში. კვლევის ავტორების თქმით, კონფლიქტურობა პარტიაში კარგ ტონად ითვლება, რაც მეტწილად კაცებისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, პარტიაში “კონფლიქტური” პარტიული ქალების წახალისება ხდება, რაც კიდევ ერთხელაა იმის უარყოფა, რომ ქალი კომპეტენტური და პასუხისმგებლიანია. რესპონდენტი ქალების უმეტესობა კვლევის ფარგლებში ამბობს, რომ პოლიტიკას კონფლიქტი კი არა, უნარები, შრომა და პასუხისმგებლობა სჭირდება.

მითი 4 – ქალები “კონფლიქტურები” არ არიან

იმის გამო, რომ არსებობს მითი ქალების “არაკონფლიქტურობაზე”, კონფლიქტურობა კი პარტიაში დადებით მახასიათებლად ითვლება და პრინციპულობასთან ასოცირდება, ქალების განდევნა ხდება გადწყვეტილების მიღების სივრციდან, რაც კვლევის ავტორების თქმით, შრომის გენდერული დანაწილების ფენომენით ხდება. კერძოდ, შიდაპარტიული შრომის დანაწილების გამო ქალები მიჯაჭვული არიან ისეთ სამუშაოზე, როგორიცაა საწერი სამუშოები და აგიტაცია, რაც მათი უნარების ისეთი გზით გამოყენებისკენაა მიმართული, რომ ნაკლებ დროს ტოვებს ქალს აქტორის როლში.

მითი 5 – პოლიტიკაში ქალები კაცებს მოჰყავთ ნაცნობობით

ამ მითის მიზანია იმის მტკიცება, რომ ქალებს თავად არ შეუძლიათ პოლიტიკაში მოსვლა. ეს მითი ხელს უშლის ქალებს პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან მათი კვალიფიკაციის გადაფარვა ხდება “მოყვანის ფენომენით და განათლებულ და კომპეტენტურ ქალ პოლიტიკოსებს თავის მართლების პოზიციაში აყენებს.

მითი 6 – თბილისს უნდა ასე 

ეს მითი მმართველობის ცენტრალიზაციიდან მომდინარეობს.  რეგიონებში დასაქმებული პარტიის წევრები თავს გარიყულად გრძნობენ. კვლევის ავტორების აზრით, პრობლემა განსაკუთრებით ქალებს ეხება. “ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ქალი მაჟორიტარის შემთხცვევა ამტკიცებს, რომ ეს მითია და თუ მის დეკონსტრუქციას მოვახდენთ, ახალი, კომპეტენტური და თბილისს გარეთ მცხოვრები ქალი კანდიდატის დასახელება შესაძლებელია მომგებიანიც იყოს” – ვკითხულობთ კვლევაში.

მითი 7 – პოლიტიკის კეთება მხოლოდ თბილისურ ელიტას შეუძლია

ეს მითიც, წინას მსგავსად, ცენტრალიზაციის გამოძახილია.  ჩაკეტილობა, ელიტურობა ქალებში კომპლექსს აყალიბებს და ადგილობრივ ქალებს არ სურთ პოლიტიკაში მონაწილეობა იმიტომ, რომ პოლიტიკა თბილისური ფენომენია. ადგილობრივ დონეზე კი გადაწყვეტილების მიმღებად მეტწილად კაცები ინიშნებიან, რადგან მათ აქვთ ახლო კონტაქტი პარტიის ელიტაში გაერთიანებულ კაცებთან.

მითი 8 – პროვინციელი პარტიული ქალი გაუზრდელია

ამ მითის მიზანია, პროვინციელი ქალების განდევნა ისევ ელიტურობისა და კაცების ძალაუფლებისა და პრივილეგიის საწარმოებლად პარტიაში.  ამ მითში უგულებელყოფილია, რომ პროვინციელი ქალი შეიძლება იყოს კომპეტენტური, ერთგული და საჭირო პარტიისთვის.

მითი 9 – პარტიული ქალები არასაიმედონი არიან/ევას მითი

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა კაცები შიდაპარტიული კონფორმიზმით გამოირჩევიან,  ქალები ასე არ არიან.  შიდაპარტიული კონფორმიზმის არქონა იმითაა განპირობებული, რომ ისინი უფრო კრიტიკულები და მებრძოლები არიან პარტიის შიგნით.

მითი 10 – პარტიული კაცები საიმედონი, პრინციპულები და უშიშარნი არიან

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პარტიის მიმართ ქალები უფრო ერთგულნი არიან, ვიდრე კაცები, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას, ასევე მას შემდეგ, როდესაც პარტია კარგავს ძალაუფლებას და პოპულარობას. ამაზე მეტყველებს ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლის მონაცემები.

მითი 11 – პარტიაში ყველაფერს უნდა მოერგო

ამ მითის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ კაცები პარტიული კონფორმიზმით გამოირჩევიან, ქალები კი, რომლებიც ნაკლებ კონფორმისტები არიან, პარტიის მტრებად ირაცხებიან.

მითი 12 – ძალაუფლების მქონე პარტიული ქალი კაცს ჰგავს

ამ მითის გამყარების ინსტრუმენტი პარტიული ქალის სხეულის კონტროლია. ქალი, რომელიც ფემინურობით გამოირჩევა, მისაღები კანდიდატი არაა და უმჯობესია, ის მამაკაცური იყოს. თუმცა მონაცემებმა აჩვენა, რომ 35 წლამდე ასაკის პარტიული ქალები აღარ ცდილობენ ამ მიმართულებით იფიქრონ. მათთვის სექსუალური და ლამაზი ქალი აღარ წარმოადგენს სუსტსა და მოწყვლადს პარტიულ ცხოვრებაში.

მითი 13 – ხაზგასმულად ფემინური ქალი პოლიტიკაში მოწყვლადია და ის ხისტი უნდა იყოს

ეს მითი ქალების თვითსტიგმატიზაციას უწყობს ხელს.

მითი 14 – ფსევდომზრუნველობა

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, პარტიული კაცები ამბობენ, რომ ქალი მაჟორიტარი ვერ იქნება იმიტომ, რომ ის ქალია და, შესაბამისად, სუსტია, თუმცა პარტიული ქალები ამბობენ, რომ ქალის მშვიდობიანი ბუნებიდან გამომდინარე, მაჟორიტარ კანდიდატად ქალის დასახელება უფრო გამართლებულია. ქალი შეხვდება მოსახლეობას, მოუსმენს მათ და არ გამოიწვევს კონფლიქტს.

მითი 15 –  მაჟორიტარი ქალი კარდაკარ ვერ ივლის, თუმცა, აგიტატორად კი

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ “შავი სამუშო” ძირითადად ქალებზე გადადის იმიტომ, რომ ასეთ სამუშოს არ მიიჩნევენ “კაცურად”.

მითი 16 – პატრიარქალური ინერცია/ საზოგადოებას ქალი მაჟორიტარი არ უნდა

მიუხედავად ამ მოსაზრებისა, მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ქალი პოლიტიკოსები საზოგადოებას სურს და უკვე თავადაც მზად არიან პოლიტიკაში მოსასვლელად.

მითი 17 – დედობა პოლიტიკაში შეუძლებელია 

ამ მითის წყალობით პარტიაში კაცების აყვანის წახალისება ხდება, თუმცა, რეალურად, ეს შიდაპარტიული კონფორმიზმის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული.

მითი 18 – რაიონებში კადრები არ გვყავს 

კვლევის ფარგლებში გმაოკითხული პარტიის წევრები ამბობენ, რომ რეგიონში არაერთი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა ქალია, რომელთა რესურსის გამოყენებაც არ ხდება.

მითი 19 – ქალებს ურჩევნიათ სხვა სამსახური

ამ მითის გამყარების ინსტრუმენტი პარტიაში შრომის გენდერული განაწილება და ქალის შრომის დაბალი ანაზღაურებაა. ქალები იძულებულნი არიან დასაქმების ალტერნატიული წყაროები ეძებონ.

მითი 20 – გოგონებს პოლიტიკაში მოსვლას დაოჯახება ურჩევნიათ

კვლევის ავტორების თქმით, პარტიაში ამჯობინებენ ბიჭების რეკრუტირებას და ამ მითს რეალობასთან საერთო არ აქვს.

მითი 21 – რაიონელ ქალებს ურჩევნიათ თბილისში წასვლა

რეალურად, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, რაიონულ პარტიებს არ აქვთ შესაძლებლობა ამ ქალების შესაძლებლობები გამოისყიდონ, რაც იმითაა განპირობებული, რომ არ არსებობს პატარა ქალაქების განვითარების კონცეფცია.

მითი 22 – პოლიტიკა ბინძურია

ამ მითის გამყარება იმისთვის ხდება, რომ მშვიდობიან, მაგრამ კომპეტენტურ ქალებს სურვილი დაეკარგოთ პოლიტიკაში მოსვლის, მეორე მხრივ, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, მათ სამეგობროში, ოჯახსა და გარემოცვაში გაჩნდეს შფოთი.

მითი 23 – ქალები პასუხისმგებლობას გაურბიან 

აგიტატოებად ძირითადად იყენებენ ისეთ ქალებს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ასეთი დაბალანაზღაურებადი სამუშაო აწყობთ, თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პოლიტიკა არ აინტერესებთ და მასში ჩართულობის სურვილი არ აქვთ.

მითი 24 – ოჯახი ხელის შემშლელია 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ დაოჯახებული ქალების ოჯახები,  რომლებიც პოლიტიკაში მოვიდნენ,  თავდაპირველად შფოთავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ადაპტაცია გაიარეს და აღარ აპროტესტებენ ქალის პოლიტიკოსობას.

მითი 25 – ოჯახური წარმომავლობა

ამ მითს საფუძვლად კლასობრივი ფენომენი უდევს. კვლევის ავტორების თქმით, პოლიტიკაში წარმატება პოლიტიკოსის უნარებზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ როგორ ოჯახში გაიზარდა.  ამაზე მეტყველებს ერთ-ერთი რესპონდენტის მაგალითი. ქალმა პოლიტიკოსმა, რომელიც უმამოდ გაიზარდა, მოახერხა ის, რასაც არავინ ელოდა – დააგროვა ხმების მაღალი პროცენტული რაოდენობა.

მითი 26 – ფსევდოდაიმედება

პარტიის მამაკაცი ლიდერები საუბრობენ ქალთა ჩართულობის მნიშნველობაზე პოლიტიკაში, თუმცა დამოუკიდებლობის 26 წლის მანძილზე ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან ნელა, ან საერთოდ არ იზრდება.

ამ შედეგებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები მოუწოდებენ პარტიებს, შექმნან გენდერის სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც იქნებიან ამ პარტიაში შემავალი ქალებიც და კაცებიც როგორც თბლისიდან,  ისე რეგიონებიდან.  მისი მუშაობა კი მიმართული უნდა იყოს პარტიის შიგნით გენდერული ცნობიერების ამაღლებისკენ. შექმნან შიდაპარტიული დემოკრატია და დაანგრიონ “ჩაკეტილობისა” და “ელიტარულობის” ფენომენი. გამყარდეს კავშირები პარტიის წევრ ქალებს შორის თბილისსა და რეგიონებიდან და ხელი შეუწყონ პარტიის განახლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი