უფლებათა კომიტეტმა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

დღეს, 13 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ  სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას. კანონპროექტს პარლამენტის სხდომაზე მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით  განიხილავენ და დაამტკიცებენ.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ასეთი დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ. ჯერჯერობით უცნობია, კანონმდებლობით რა გამონაკლისი იქნება დაშვებული ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

მორატორიუმის შესახებ კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, ოთარ დანელია, ალექსანდრე ერქვანია, გიორგი ვოლსკი, გიორგი გაჩეჩილაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მარიამ ჯაში, არჩილ თალაკვაძე, ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი, ისკო დასენი, თეიმურაზ კოხრეიძე, რევაზ არველაძე, გიორგი ბეგაძე, ირაკლი აბუსერიძე, დავით ჭიჭინაძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, გელა სამხარაული, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაზა ხუციშვილი, გოჩა ენუქიძე, პაატა მხეიძე, ირაკლი ბერაია, შოთა ხაბარელი, ბექა ნაცვლიშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, მერაბ ქვარაია, რატი იონათამიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი ბერაია.

___________________________________________________________________

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ  8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” პირველად 2013 წელს გამოაცხადა. 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

მაშინ საქართველოს მოქალაქეების სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწებს სტატუსს უცვლიდნენ და ისე ყიდდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ეკა ბესელიას თქმით, კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდება, რათა ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.