ახალი ამბები

დანიამ უკრაინა და საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნებად დაასახელა

13 ივნისი, 2017 • 10286
დანიამ უკრაინა და საქართველო სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნებად დაასახელა

დანიის საგარეო უწყებამ საქართველო და უკრაინა მისი სამეზობლო პოლიტიკის ორ პრიორიტეტულ ქვეყნად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წარდგენილ იქნა 2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP). შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე.

დანიის 2017-2021 წლების სამეზობლო პროგრამა (DANEP) მოიცავს ორი ქვეყნის ახალ ფაზაზე გადასვლის ასპექტებს და საქართველოსა და უკრაინაში ახალი ხუთწლიანი პროგრამის იმპლემენტაციის ელემენტებს. DANEP-ის ორი მთავარი მიზანია

1. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა;
2. მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდერს სამუელსენის სიტყვით გაიხსნა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოკლედ მიმოიხილა ახალი პროგრამა და მისი შესაბამისობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოზე საუბრისას, ანდერს სამუელსენმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და მათ სამაგალითო ხასიათს.

2017-2021 წლების დანიის ახალი სამეზობლო პროგრამა (DANEP) მიმდინარე წლის შემოდგომაზე დამტკიცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი