ახალი ამბები

წულუკიანი: ვნახოთ მარიხუანის ლიბერალიზაციის შედეგი, სანამ სხვა ნივთიერებებზე ვიფიქრებთ

13 ივნისი, 2017 • 5818
წულუკიანი: ვნახოთ მარიხუანის ლიბერალიზაციის შედეგი, სანამ სხვა ნივთიერებებზე ვიფიქრებთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სანამ ხელისუფლება სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციაზე იფიქრებს, მანამდე უნდა ნახოს მარიხუანის ლიბერალიზაციის შედეგები.

“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ პრემიერმინისტრმა გააკეთა კარგი მოწოდება. მას ეს პოზიცია მთავრობის იმ სხდომაზეც ჰქონდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, მისივე დავალებით, წარადგინა მარიხუანის ნაწილში ლიბერალიზაციის შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლა პარლამენტშია. დროა, რომ ჩვენ ყველამ ერთად – აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებებმა, დავაჩქაროთ ამ პაკეტის მიღება, ვნახოთ ამ რეფორმის შედეგები პრაქტიკაში მანამ, სანამ ვიფიქრებთ სხვა ნივთიერებების კუთხით ლიბერალიზაციის რეფორმაზე, მაგრამ ეს რეფორმა, რა თქმა უნდა, უნდა დაჩქარდეს”.

დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ამ დღეებში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც “ბირჟა მაფიის” რეპერები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

დღეს,12 ივნისს “ბირჟა მაფიის” წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეპერები, მიშა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გათავისუფლებას პროკურატურაც მხარს უჭერდა.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა “ფეისბუკზე” სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ,  იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი