თეა წულუკიანი. ფოტო: იუსტიციის სამინისტრო.

წულუკიანი ‘ბირჟა მაფიაზე’: მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ ინსტიტუტებმა, რომ არ გაგვაშარჟონ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ “ბირჟა მაფიის” კლიპში, სადაც გაშარჟებულია პოლიციელი, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დაინახა, თუმცა მოუწოდებს რეპის მიმდევრებს, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო ინსტიტუტების გაშარჟებას.

“მე რაც მოვისმინე და ვნახე, ძალიან არ მომეწონა, ამას ვამბობ ღიად. ორი რამ უნდა გაიმიჯნოს: ერთი- სისხლის სამართლის საქმე, მეორე- თვითონ ვიდეორგოლი. რაც ეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ მოსამართლესაც და პროკურორსაც, ჩემი გადასახედიდან, ჰქონდათ და აქვთ სწორი პოზიცია.

რაც შეეხება თვითონ რგოლს, ამ რგოლში, რომლის სქრინშოთებიც ვნახე დაბლარვამდე, ვერაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო ვერ დავინახე. გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე რეპთან გვაქვს, გულისხმობს იმასაც, რომ გააშარჟონ ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი”, – ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოს ინსტიტუტებმა იმისთვის, რომ არ გააშარჟონ.

“მეორე თემაა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მე, ჩემნაირმა სხვა წარმომადგენლებმა, პოლიციელებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, აღმასრულებლებმა – რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას არ გაუჩნდეს სურვილი, გაგვაშარჟოს. ჩემთვის ეს არის მთავარი თემა, რაზედაც ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ახალგაზრდა თაობას, ვინც რეპს მისდევს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით დამოუკიდებელი ქვეყანა და პოლიცია, ჯარი არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ, თუ მომავალში ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა – იმიტომ, რომ ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს, 12 ივნისს “ბირჟა მაფიის” წინასწარ პატიმრობაში მყოფი რეპერები, მიშა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ გათავისუფლებას პროკურატურაც მხარს უჭერდა.

პროკურატურამ, რომელიც რეპერებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა “ფეისბუკზე” სტატუსით “თქვენთან ვარ ბიჭებო!”

ასევე გაავრცელეს განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ, სადაც ნარკოლოპიტიკის შეცვლის საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

ბერას, კალაძისა და კვირიკაშვილის დუმილი მას შემდეგ დაირღვა, რაც 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მასშტაბური აქცია რეპერების მხარდასაჭერად და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაკავება დაუკავშირეს რეპერების გადაღებულ კლიპს “TSL შავი ზედა”, სადაც გაშარჟებულია პოლიცია, რომლის წაშლა, სავარაუდოდ, მოსთხოვეს. მიშკა მგალობლიშვილმა 9 მაისს განაცხადა, რომ პოლიციელები ეკითხებოდნენ,  იყო თუ არა კლიპის ავტორი. რეპერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ეს ფაქტი ცენზურის ნიშნებად შეაფასეს.

შსს-ს ცნობით, ბირჟა მაფიის ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com