ახალი ამბები

მადლენ ოლბრაიტი საქართველოს სტუმრობს

12 ივნისი, 2017 • 3117
მადლენ ოლბრაიტი საქართველოს სტუმრობს

საქართველოში სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. მისი სტუმრობა 11-15 ივნისს გაგრძელდება.

მადლენ ოლბრაიტი ამჯამად ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეა. იგი დელეგაციის წევრებთან ერთად, რომელშიც NDI-ს წარმომადგენლები შედიან, დღეს, 12 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს მიღწევებს, მიზნებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ NDI-ის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიღება, ასევ,ე საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცება.

გიორგი მარგველაშვილმა მადლენ ოლბრაიტს და NDI-ის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის ცნობით, ოლბრაიტთან შეხვედრისას გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა მადლიერება გამოხატეს ამერიკის მთავრობისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის და ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრების ვიზიტი, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საქართველოს მიღწევების, მიზნებისა და გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვებას და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

მადლენ ოლბრაიტს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და დიპლომატებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი