იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი: ბაქოს ვესტუმრები, სადაც აფგან მუხთარლის საქმეს განვიხილავთ

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ისაუბრა. ჰანის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „მოამბის“ კორესპონდენტმა სთხოვა შეეფასებინა აფგან მუხთარლის საქმე და დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ევროკომისარს კონტაქტი ამ საკითხის თაობაზე ქართულ მხარესთან, არსებობს თუ არა შეშფოთების მიზეზი ან კითხვები.

“რა თქმა უნდა, ვიცი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ. ველოდები და ეს დამიდასტურეს, რომ ხელისუფლება ძალიან ყურადღებით გამოიძიებს ამ საქმეს, ეს არის ის მინიმუმი, რასაც შეიძლება ველოდოთ. დიდი ინტერესით ველოდები შედეგებს. კვირის ბოლოს ვესტუმრები ბაქოს და აზერბაიჯანში ყოფნისას ამ საქმესაც განვიხილავთ”,- განაცხადა ჰანმა. [ იოჰანეს ჰანის ციტატის თარგმანი ეკუთვნის “საზოგადოებრივ მაუწყებელს”]

29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ბაქოში იპოვეს დაკავებული. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის სამი მუხლით წაუყენეს ბრალი, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი ნემატ ქარიმლი ამბობს, რომ მუხთარლი თბილისიდან კრიმინალური პოლიციის  სამმა და ერთმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა გაიტაცა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი არ ყოფილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com