Lumiere_III_SOU_banner

აუდიოვიზუალური არტისტი რობერტ ჰენკე 21 ივნისს შოუს თბილისში მოაწყობს

გერმანელი აუდიოვიზუალური არტისტი რობერტ ჰენკე 21 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში წარდგება მსმენელის წინაშე და მსოფლიოს წამყვანი დარბაზების შემდეგ თბილისი მესამე ადგილი იქნება, სადაც პროექტს “Lumière III”-ს შეასრულებს. ჰენკე SOU ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარია.

რობერ ჰენკე აუდიოვიზუალური არტისტი, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake-ის წევრი და ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორია, სადაც კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის. ჰენკემ დააფუძნა კომპანია Ableton, რომლის მთავარი ინჟინერიცაა.

Lumière III, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია.

“ეს ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ნამუშევარია, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება. ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებების და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის მაგალითია.” – ამბობენ SOU-ს ორგანიზატორები.

რობერტ ჰენკე. ფოტო: Michael Breyer

რობერტ ჰენკე. ფოტო: Michael Breyer

ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს.

სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი, ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ, იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი