Twitter Tweet Large 04

თვითნებურად შერჩეული დიეტების რისკი

საქართველოს მოსახლეობის 22.1%-ს სიმსუქნის პრობლემა აწუხებს, აქედან გამომდინარე  სხვადასხვა დიეტა, რომელთა შესახებაც ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია, ძალიან პოპულარულია.

თუ თქვენც ერთი მათგანი ხართ, ვინც თვითნებურად მიმართა დიეტას, წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, თვითნებურად, არასწორად შერჩეულმა დიეტამ.

ჭარბი წონა, სიმსუქნე და  საქართველო

ჭარბი წონა და სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსით (BMI) დგინდება: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში. თუკი BMI 25-დან 30-მდეა, ეს მიუთითებს ჭარბ წონაზე, ხოლო 30-ს ზემოთ – სიმსუქნეზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებით, რომელიც 2014 წელს განახლდა, საქართველოს მოსახლეობის 22.1%-ს სიმსუქნე აწუხებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით კი, რომელიც 2010 წელს განახლდა, ქვეყნის 18-დან 64 წლამდე მოსახლეობაში ქალების 54,2%-ს და კაცების 58,6%-ს ჭარბი წონა აქვს.

სიმსუქნე

დიეტები ინტერნეტში 

თუ სოციალურ ქსელ Facebook-ის საძიებო ველში სიტყვა დიეტას ჩაწერთ, კატეგორიაში კი ჯგუფს მიუთითებთ, რამდენიმე პოპულარულ დიეტას იპოვით. ამ ჯგუფებში ფეისბუქის მომხმარებლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და დიეტის დროს დასაშვები პროდუქტების არჩევაში ეხმარებიან. ამა თუ იმ პოპულარული დიეტის ჯგუფებში ხშირია პოსტებიც, სადაც მომხმარებლები იმ გართულებების შესახებ საუბრობენ, რომლებიც დიეტის პროცესში მათ ჯანმრთელობას მიადგა. სპეციალისტის ნაცვლად რჩევებს დიეტის გაგრძელებასა თუ თავის დანებებაზე – ერთმანეთისგან იღებენ.
Untitled

Facebook-ზე ე.წ. დუკანის დიეტის რამდენიმე ჯგუფი არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულში 116 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ფრანგი დიეტოლოგის მიერ შედგენილი დიეტის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი კილოგრამის დაკლება სურს მომხმარებელს, მენიუ კი მეტწილად ცილოვანი პროდუქტებითაა დაკომპლექტებული.

შედარებით მკაცრია ე.წ. ადვოკატის დიეტა, რომლის ჯგუფშიც Facebook-ის 3 300-ზე მეტი მომხმარებელაი გაწევრიანებული. დიეტა მკაცრად განსაზღვრავს დასაშვები პროდუქტების დასახელებასა და რაოდენობას. ის 40 დღე გრძელდება და მომხმარებლებს 15-დან 20 კილოგრამამდე წონის კლებას ჰპირდება.

წინა ორთან შედარებით ფეისბუქში ნაკლებად პოპულარულია კიდევ ორი ცნობილი დიეტა- ე.წ. უგულავასა და სუხიშვილების დიეტები. ე.წ. ადვოკატის დიეტის მსგავსად, ეს ორი დიეტაც მკაცრად ადგენს პროდუქტების ჩამონათვალს და დასაშვებ ნორმას. პირველის შემთხვევაში დიეტა ერთი თვე გრძელდება, სუხიშვილების დიეტა კი 9-დღიანია.

თვითნებურად შერჩეული დიეტები და პაციენტების ისტორიები

თაკო კვინიკაძე 27 წლისაა. როგორც ამბობს, პოპულარული დიეტებიდან მხოლოდ ე.წ. უგულავას დიეტა აქვს დაცული, სხვების სახელებს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ დიეტების თვალიერება და შერჩევა იმდენად ჰქონდა ჩვევაში გამჯდარი, რომ ჭარბი წონის პრობლემს მოგვარების შემდეგაც ზოგჯერ დიეტების გვერდებს ათვალიერებს. ის, რაც მის მიერ დაცულ ყველა დიეტას აერთიანებდა, თაკოს თქმით, შიმშილი იყო.

პირველად დიეტის დაცვა 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, როცა ცეკვას თავი დაანება და შვიდი კილო მოიმატა. თაკოს თქმით, მაშინ სპეციალისტთან კონსულტაცია არ გაუვლია. საბოლოო ჯამში კი, მის მიერ დაცული ყველა დიეტა ერთი შედეგით სრულდებოდა- თუ დიეტის დროს 3-4 დღეში 3 კილოს იკლებდა, დიეტის შედეგად დაკლებული კილოგრამები მისი დასრულების შემდეგ ორმაგად უბრუნდებოდა და 6 კილომდე იმატებდა:

“დიეტას ვარჩევდი კომენტარებით, ვინ უფრო მეტი დაიკლო, თორემ რა იყო ჩემთვის დასაშვები – ნაკლებად. მერე მზიზღდებოდა ის საკვები, რასაც ვიღებდი, დიეტის დროს ხომ ძირითადად ერთსა და იმავეს იღებ. წინა დღეს ყველაფერს კარგად ვჭამდი, რაც მიყვარდა, და მეორე დღეს ვიწყებდი დიეტას, ასე გადახტომას ვაკეთებდი. შედეგი იყო ყოველთვის ორმაგი. მიუხედავად იმისა, რომ ამ 3-4 დღეში ძალიან სწრაფი მქონდა კლების შედეგი, მატებაც ბევრად მეტი მქონდა” – იხსენებს თაკო.სანტიმეტრი საზომი საზომი ლენტი

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დაკლებული კილოგრამების შენარჩუნებას ვერ ახერხებდა, დიეტებს უკუჩვენებებიც ჰქონდა, რომელიც საბოლოო ჯამში მის ჯანმრთელობაზე აისახა:

“სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წნევა მივარდებოდა და ა.შ. დაახლოებით 3-4 დღის მერე. ჰორმონალური ფონი საერთოდ დამერღვა. მე 16-17 წლის ასაკში დავიწყე ეს დიეტები. მანამდე ვცეკვავდი, 17 წლის ასაკში დავანებე ცეკვას თვი, ცოტა წონაში მოვიმატე და დავიწყე ეს თვითნებური დიეტები, შიმშილი, ფაქტობრივად. ჰორმონალური ფონი დამერღვა, ყველაფერი თავდაყირა დამიდგა და დღემდე ვმკურნალობ” – ამბობს თაკო.

თაკოს მსგავსად, საკუთარ თავს დიეტა თავად შეურჩია ლიკა კვირკველიამ. მან მეგობრის რჩევით ე.წ. დუკანის დიეტა დაიწყო. ლიკას თქმით, ამ დიეტის დაწყებამდე ბალანსირებული კვებით, ორ თვეში 14 კილოგრამი დაიკლო, თუმცა წონის უფრო სწრაფად კლების სურვილით და მეგობრის რჩევით ე.წ. დუკანის დიეტა დაიწყო. დიეტის დაწყებიდან სამ დღეში კი ტკივილები დაეწყო. თავდაპირველად, ე.წ. დუკანის დიეტის ჯგუფში იკითხა, სხვებსაც თუ აწუხებდათ იგივე სიმპტომები, ჯგუფის ზოგმა წევრმა დიეტის გაგრძელებაც ურჩია, ნაწილიმა კი უთხრა, სპეციალისტისთვის მიემართა:

“სულ რამდენიმე დღე გავაკეთე. ორი დღე ნორმალურად ვიყავი, მესამედან  ტკივილები დამეწყო. თავიდან ვერ მივხვდი, რა მტკიოდა- ძვლებიც მტკიოდა, ზურგიც, სიმძიმეს ვგრძნობდი. მეხუთე დღემდე ცოტა გავუძელი, მერე,  ამასთან ერთად, გულისრევის შეგრძნება დამეწყო და ვერაფერს ვჭამდი, შიმშილის შეგრძნებაც არ მქონდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდი თავი დამენებებინა. ვიცოდი, რომ თირკმელების პრობლემა თუ ჰქონდა ვინმეს, ეს დიეტა არ შეიძლებოდა, მაგრამ ნაღვლის ბუშტზე არ მსმენია. მანამდე არ მქონია კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. ვიცოდი, რომ ნაღვლის ბუშტი მაწუხებდა, მაგრამ ყველაფერი მოხარშული იყო ნებადართული ამ დიეტაში, რასაც სპეციალურადაც უნიშნავენ, ვიკვებებოდი მოხარშული ქათმით და თევზით, თითქოს არ უნდა ეწყინა. როგორც ექიმმა მითხრა, ნაღვლის ბუშტის შეტევა ცილების დიდმა რაოდენობამ გმაოიწვია” – ამბობს ლიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ლიკამ დიეტას თავი დაანება და წონაში კლება ბალანსირებული კვებით განაგრძო.

ინტერნეტით შერჩეული დიეტების უკუჩვენებები და ცილოვანი დიეტის რისკები

დიეტის შერჩევისას ენდოკრინოლოგები მრავალ კომპონენტს ითვალისწინებენ, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. ასევე, დგინდება, ხომ არ აქვს პაციენტს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა – ასეთ შემთხვევაში მეტ აქცენტს ქოლესტერინის განსაზღვრაზე აკეთებენ. ამის შემდგომ გამოითვლება პაციენტის ორგანიზმში მეტაბოლიზმის მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი, სქესი, სამუშაო გრაფიკი, ძილის ხანგრძლივობა და სხვა. დიეტები კი, რომლებსაც წონის დაკლების მსურველები ინტერნეტში ან მეგობრების რჩევით პოულობენ, ამ კომპონენტებს ნაკლებად ითვალისწინებს. შესაბამისად, ზოგჯერ მათ ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გაველნა აქვთ:

“არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა მოსულა პაციენტი, რომელსაც თვითნებურად ჰქონდა შერჩეული დიეტა და ჯანმრთელობა შეერყა. ჩივილი ძირითადად ჯანმრთელობის თვალსაზრისით არის ხოლმე საერთო სისუსტე , სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის ვარდნა, თმის სტრუქტურის გაუარესება, ფრჩხილების მტვრევა, ძილიანობა, ზოგადად არის ქრონიკული გადაღლის შეგრძნება, თავბრუსხვევა. ხშირად რკინადეფიციტური ანემიაც ვლინდება ხოლმე.  ძალიან ბევრი კომპონენტია, რაზეც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასწორად დაცულმა რეჟიმმა და რაციონმა.

ხანდახან გვქონია ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ დიეტას არა მარტო ის ადამიანი იცავს, რომლისთვისაც ის განკუთვნილი არ არის, არამედ იმ პრეპარატებსაც ღებულობს, რომელიც სხვა პირისთვის არის ხოლმე შერჩეული” – ამბობს ენროკრინოლოგი ქეთევან ასათიანი.

ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანის თქმით, ყველა დიეტას, მათ შორის ცილოვანსაც, თავისი დანიშვნის ჩვენება, ვადები და ინტენსივობა აქვს:

“ყველა დიეტას აქვს თავისი დანიშვნის ჩვენება. როდესაც მე, როგორც  ენდოკრინოლოგმა, შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება ცილოვანი დიეტის დაცვის თაობაზე, მე მათ კატეგორიოულად ვაფრთხილებ, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ  10 დღის განმავლობაში. ვინაიდან ეს არის მაინც სამკურნალო ტიპის დიეტა, რომელიც განსაზღვრული ხანგრძლივობით უნდა გაკეთდეს. არაფრით არ შეიძლება ამის გავრცელება ფართო მოსახლეობაზე იმიტომ, რომ მე როცა ვწერ სამკურნალო ტიპის მკაცრ დიეტას ან ვურჩევ პაციენტს ამის დაცვას, მე ვფლობ ინფორმაციას მის ორგანიზმში მიმდინარე ცილოვანი კომპონენტის შესახებ, ცხიმოვანი კომპონენტის შესახებ, ნახშირწყლების შესახებ და აქედან გმაომდინარე, თამამად შეიძლება მივცე ამის რეკომენდაცია. ასევე, ვფიქრობ, რომ 10 დღე არის მისაღები ამისთვის, მისი მრავალჯერ გამეორება არაფრით არ შეიძლება” – ამბობს ასათიანი.ცილოვანი დიეტა ხორცი დიეტა

მისი თქმით, სამკურნალო ტიპის მკაცრი დიეტები არის ხანმოკლე და ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ნუტრიენტების ბალანსი დაირღვევა, დიეტამ შედეგი შეიძლება დღეს გმაოიღოს, თუმცა მათი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.

გარდა ამისა, დიეტას ახასიათებს სერიოზული უკუჩვენებებიც:

თუკი ვხედავთ, რომ შეკრულობა გრძელდება არა ერთ-ორ დღეს, არამედ უფრო ხანგრძლივად, თუ კი ვატყობთ, რომ მიდრეკილება გვაქვს შეშუპებისკენ  როგორც თვალების გარშემო, ასევე ქვედა კიდურების. თუ პირში გვაქვს არასასიამოვნო გემო, რადგან ძალიან ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების სიმპტომები აქვთ ხოლმე პაციენტებს. თუ არ ხდება დანაყრება და ხდება ამ დიეტის პარალელურად, მატონიზირებელი საშუალებებით ამ პრობლემის დარეგულირება, ბევრი კომპონენტია, რასაც უნდა  მივაქციოთ ყურადღება. არ ვიფიქროთ, რომ ეს გარდამავალია, მაინცდამაინც რამდენიმე დღე გაგრძელდება და მერე ალაგდება” – ამბობს ენდოკრინოლოგი.

როგორ დავიკლოთ წონაში – ენდოკრინოლოგის რჩევები

იმისათვის, რომ დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება მოხდეს, ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანის თქმით, სწორი კვების ჩვევაში გადაზრდაა საჭირო:

“პრობლემა არის ყოველთვის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერადი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ულუფის ზომის შეცვლა. უნდა ვკმაყოფილდებოდეთ მცირე ულუფით და დღეში რამდენჯერმე მიღებით და არა ერთი ორი მირთმევით და დიდი ულუფებით.

საქართველოს სიმსუქნის შემსწავლლი ასოციაციის პრეზიტენტი ქეთვან ასათიანი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საქართველოს სიმსუქნის შემსწავლლი ასოციაციის პრეზიტენტი ქეთვან ასათიანი 05.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დავუშვათ, დღეს არ მიირთმევს მისთვის საყვარელ  პროდუქტს, რომელიც მას წონას ამატებინებს, ხვალ არ მიიღებს, გავა რაღაც პერიოდი, კიდევ შეიზღუდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს ამის მიღებას, ნამატი გაცილებით მეტი იქნება. პრობლემა არის ყოველთვის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერადი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ულუფის ზომის შეცვლა. უნდა ვკმაყოფილდებოდეთ მცირე ულუფით და დღეში რამდენჯერმე მიღებით და არა ერთი ორი მირთმევით და დიდი ულუფებით” – ამბობს ენდოკრინოლოგი.

როგორც ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი ამბობს, ადამიანის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის განსაზღვრული რაოდენობით ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები სჭირდება. თუ მათი ბალანსი სწორად იქნება დაცული, ადამიანი წონაში აღარ მოიმატებს, დაკლებას კი ექიმის რეკომენდაციით, რომელიმე მათგანის შეზღუდვით შეძლებს:

“ჩვენ გვჭირდება 20-30% ცილა, გვჭირდება ალბათ 10% ცხოველური ცხიმი, 20% მცენარეული ცხიმი და ყველაფერი დანარჩენი არის ნახშირწყალი. ასეთი პროპორცია როდესაც იქნება, შეიძლება ამან კლება არ გამოიწვიოს, რადგან ეს არის ბალანსირებული კვება. თუ ჩვენ გვინდა წონის კლება, იქ უკვე გამოსათვლელია მეტაბოლიზმი. ეს ის ფაქტორია, რომელიც დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ამით გმაოითვლება ხოლმე მეტაბოლიზმის დონე  ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე როგორია ორგანიზმში. მერე აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ შევამცირებთ განსაზღვრულ კალორიებს,  ადამიანი კლებაში წავა, თუ შენარჩუენბა უნდა, ინარჩუნებს იმ კალორაჟით, რაც არის. ეს აუცილებელი არ არის, რომ მოხდეს დუკანის დიეტით. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს ყველაფერი ინდივიდუალური”  – ამბობს ენდოკრინოლოგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი