ახალი ამბები

კოალიცია “ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” მთავრობას ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

12 ივნისი, 2017 • 2484
კოალიცია “ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის”  მთავრობას ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

კოალიცია “ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის” საქართველოს მთავრობას ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კოალიციის მიერ დღეს, 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 2017 წელს, ბავშვთა შრომის აკრძალვის საერთაშორისო დღეს, საქართველო კვლავაც მწვავე პრობლემებით ხვდება.

“ეროვნული კანონმდებლობა ჯერაც ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვნად ბავშვთა დაცვას შრომის სახიფათო ფორმებისა და შრომითი ექსპლუატაციისგან. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ახერხებს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში ბავშვთა დაცვას არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეებისგან,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც 2016 წლის  ბავშვთა შრომის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა, ბავშვებისთვის დამაზიანებელ შრომით საქმიანობაში ქვეყნის მასშტაბით 24 000 ბავშვია ჩართული, მათ შორის  ბავშვების 64% სახიფათო შრომით საქმიანობას ასრულებს. 4700 ბავშვს სახიფათო დანადგარებთან და ინსტრუმენტებთან უწევს შეხება.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2016 წელს შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო სკოლა 1165-მა ბავშვმა მიატოვა. სურათი კიდევ უფრო მძიმდება, თუ გავიხსენებთ, რომ ეროვნულ კვლევაში არ მოხვდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომელთა სრული უმრავლესობაც შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია.

“საქართველოში ბავშვთა შრომად არ განიხილება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიერ მოწყალების თხოვნა, წვრილმანი ნივთებით ვაჭრობა და შემოსავლის მიღების მიზნით განხორციელებული სხვა ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც ბავშვებს წყვეტს მათი ასაკისათვის აუცილებელი და შესაბამისი შესაძლებლობებისაგან. ასევე, არ გვაქვს დაზუსტებული მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შრომით საქმიანობაზე, რომელიც მათ განათლებისა და განვითარების უფლებას მნიშვნელოვნად არღვევს.”

განცხადების თანახმად, საგანგაშოა ვითარება გურიისა და აჭარის რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, 2015 წელს თურქეთში უკანონო მიგრაციის თემაზე გამოკითხული იყო 17- დან 22-წლამდე 223 მოზარდი. მათი 99% არასრულწლოვნობის პერიოდში ჩაბმული იყო უკანონო შრომით მიგრაციაში. ჩაის და ციტრუსის პლანტაციებში სამუშაოდ საზღვრის გადაკვეთას ბავშვები ძირითადად იწყებენ 15-17 წლის ასაკიდან, თუმცა მცირე პროცენტი ამ საქმიანობაში ჩართულია 12 წლის ასაკიდან.

“მათ მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მშობლის თანხმობა, ან საზღვარზე მშობლის თანხლების გარეშე გადადის. მუშაობის პერიოდში მათგან მხოლოდ ორს გაუფორმეს ხელშეკრულება. 5-მა რესპონდენტმა აღიარა, რომ, შრომითი მიგრაციის დროს მათ მიმართ განხორციელდა სქესობრივი ძალადობა. აღნიშნული პრაქტიკა გურიისა და აჭარის რეგიონებში ჯერაც ფართოდაა გავრცელებული, სახელმწიფო უწყებები კი ფაქტების სისტემურ უგულებელყოფას ახდენენ. აღნიშნული კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ ეფექტური რეაგირება არც ერთი სამსახურის მიერ არ განხორციელებულა.”

კოალიციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვთა შრომის ფართოდ გავრცელება, რომელიც ბავშვებს ართმევს ბავშვობას, აზიანებს მათ პოტენციალს და ღირსებას, ქვეყანაში ბავშვთა დაცვის, განათლებისა და კეთილდღეობის სისტემაში არსებული ხარვეზების შედეგია.

საქართველოს ბავშვებისა და ახალგაზრდობის კოალიცია მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გააძლიეროს ბავშვთა შრომის გამო განათლების მიტოვების პრევენცია და აღრიცხვა; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყველა სხვა პასუხისმგებელ ორგანოს- მოახდინოს შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება, გაამკაცროს უკანონო შრომითი მიგრაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის აღმოფხვრის ღონისძიებები; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ბავშვთა დაცვა შრომის უკიდურესი და საფრთხის შემცველი ფორმებისაგან, განახორციელოს ბავშვთა შრომის მონიტორინგი და ძალადობისგან დაცვა. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი და ჰარმონიზაცია ბავშვთა შრომის მიმართულებით გაეროს ბავშვთა უფლებების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  1. საქართველოს ბავშვები
  2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
  4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
  5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  6. World Vision საქართველო
  7. პარტნიორობა ბავშვებისათვის
  8. პირველი ნაბიჯი საქართველო
  9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  10. ანიკა
  11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  12. თანადგომა
  13. საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
  14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
  15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
  16. საქართველოს კარიტასი
  17. “სტუდია ეიდისი“
  18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
  19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
  21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
  22. ჩვენი სახლი საქართველო
  23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  24. ინიციატივა მოწყვადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  25. ბილიკი
  26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
  27. კავშირი “იმედიპლუსი“
  28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
  29. სმენისა და   მტყველების დარღვევის    მქონე     ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
  30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
  31. კავშირი “ორიონი”
  32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
  33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
  34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
  36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
  37. “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”
  38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
  40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
  41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი

მასალების გადაბეჭდვის წესი