ახალი ამბები

ლიტვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმს

12 ივნისი, 2017 • 1840
ლიტვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმს

დღეს, 12 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოქმის მიხედვით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმა პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე, ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

ოქმში აღნიშნულია, რომ 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ისაუბრეს და აღნიშნეს სამიტის წარმატების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. დელეგაციებმა  ასევე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოს მოლოდინების შესახებ სამიტთან დაკავშირებით.

დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის  მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით.

სამინისტროც ცნობით, ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს ეთმობა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ითანამშრომლონ ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების გაძლიერების მიმართულებით და  ყურადღება გაამახვილეს „ვიკინგ“ პროექტის ტრასეკასთან დაკავშირების პერსპექტივაზე.

ოქმის დასასრულს აღნიშნულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მომდევნო სხდომა 2018 წელს ლიტვაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი