ახალი ამბები

კორძაია: აგრესიული ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ უშედეგოა

12 ივნისი, 2017 • 2142
კორძაია: აგრესიული ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ უშედეგოა

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აგრესიული ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ უშედეგოა. როგორც კორძაია ამბობს, ასეთმა აგრესიულმა ნარკოპოლიტიკამ საქართველოშიც უამრავი მანკიერი პრაქტიკა გამოავლინა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა პარლამენტს, დააჩქარონ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკის შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა, ხოლო ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი და რეპერების დაკავების ფაქტზე არ გამორიცხა პოლიციის მიერ ნარკოტიკების შესაძლო ჩადება.

“სანამ პრემიერ–მინისტრი და ვიცეპრემიერი დაიწყებდნენ ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე საუბარს, 6 ივნისს რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება და წინადადება ამნისტიის მიღების თაობაზე, თუმცა მაშინ [რეპერების დაკავებამდე] ამას არ მიაქციეს ყურადღება. მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აგრესიული ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ უშედეგოა. ამ ბრძოლის მიზანი იყო ნარკოტიკებზე მოთხოვნისა და მიწოდების შემცირება, მაგრამ აგრესიული ნარკოპოლიტიკით ეს შეუძლებელი გახდა იმიტომ, რომ ამან მოთხოვნა ვერ შეამცირა,” – ამბობს კორძაია.

მისი თქმით, ნარკოტიკებზე მოთხოვნა შეამცირა მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ მომხმარებლებს შეუქმნეს გარემო, სადაც ისინი ამ მოთხოვნას დაიკმაყოფილებდნენ, ხოლო ამას მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს:

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ნარკოტიკების გავრცელებას; ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანს მისი მოთხოვნების ისე დაკმაყოფილებაში, რომ ამით ზიანი არ მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას. ასეთი მიდგომა ერთადერთი გზაა, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად და უსაფრთხოდ.”

რესპუბლიკელების ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ აგრესიული ბრძოლის დროს უამრავი მანკიერი პრაქტიკა გამოვლინდა, ხოლო მათ შორის პირველია არალეგალური ბრუნვა.

“ყველა კვლევა ადასტურებს, რომ 100 მილიარდამდე დოლარით შემცირდება არალეგალური თანხის ბრუნვა, როდესაც ნარკოტიკების ლეგალიზება მოხდება და ა.შ., თუმცა ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ.  ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ არაჯანსაღი პრაქტიკა გამოიწვია ამ აგრესიულმა ბრძოლამ. ასეთი მიდგომა იწვევს კორუფციას, იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, ადამიანის უგულებელყოფას, არასათანადო და არათანაზომიერ სასჯელებს. ამნისტიაც სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სასტიკი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ასე უსამართლოდ ჩაგრავდა ადამიანებს. დღეს ციხეში ვინც ზის, არ გვაქვს გარანტია, რომ ისინი რეპერების მსგავსად არ ჩასვეს ციხეში,” – აცხადებს თამარ კორძაია ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, ცნობილია, რომ საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელს, მუხლის დამძიმების მიზნით, ხშირად უსჯიდნენ გასაღების მუხლს:

“ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა რეალური რეფორმა, რომელიც იქნება გულწრფელი, ხელისუფლება ნამდივლად უნდა დაადგეს რეფორმის გზას, პირველ რიგში, მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების მიმართ და აღიაროს, რომ ეს ადამიანები მისი ან მისი წინამორბედის ნარკოპოლიტიკის მსხვერპლნი არიან. ამაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ხოლო ამის მერე უკვე დავიწყოთ კანონმდებლობის გაუმჯობესება, სოციალური პროგრამების შექმნა, რომელიც სწორედ ადამიანზე და მის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ეს არის თანამედროვე მიდგომა და ვითხოვთ, რომ შეცვლა დაიწყოს იქიდან, სადაც შეცდომები გვაქვს დაშვებული – წარსულიდან.”

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები გათავისუფლდებიან. თამარ კორძაიამ დღეს 12 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიღების შემთხვევაშიც თითქმის ყველა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ადამიანი გათავისუფლდება პატიმრობიდან.

თამარ კორძაია, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თამარ კორძაია, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი