ახალი ამბები

პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი შეიტანეს

12 ივნისი, 2017 • 2374
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი შეიტანეს

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი გენდერულ კვოტირებაზე, რომელსაც თან ერთვის საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველის ხელმოწერა.

.კანონპროექტი გულისხმობს 2 ორგანულ კანონში – საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.

ცვლილების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან, საარჩევნო სია ისე დააკომპლექტონ, რომ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ არჩეულ წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი მიიღებს.

“ამ კანონის დამტკიცება იმისთვის არის საჭირო, რომ ქალებს თანაბარ პირობებში ბრძოლის საშუალება მიეცეთ და წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკაში,”- ამბობს ელენე რუსეცკაია, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პოლიტკური პარტია სიას ისე არ წარადგენს, რომ დაცული იყოს ყოველი მეორე განსხვავებული სქესის 50%-იანი ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას სია უკან უბრუნდება ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული სქესთა ბალანსი, პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას.

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი.

თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის პარლამენტის წევრი, ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება, წერია კანონპროექტში.

კანონპროექტი მიხედვით, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული  ერთ- ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის დროებითი, არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი