ახალი ამბები

მუხთარლის საკითხზე ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება იგეგმება

12 ივნისი, 2017 • 1675
მუხთარლის საკითხზე ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება იგეგმება

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის მიღება იგეგმება. საკითხის განხილვა 15 ივნისსაა დაგეგმილი. რეზოლუციის თემა დემოკრატია და ადამიანის ძირითადი უფლებებია. თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან ერთად, რომელიც ბაქოშია დაკავებული, აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობის შესახებაც იმსჯელებენ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი