ახალი ამბები

ბირჟა მაფიის წევრები წინასწარი პატიმრობიდან დიდი ალბათობით გათავისუფლდებიან

11 ივნისი, 2017 • 4806
ბირჟა მაფიის წევრები წინასწარი პატიმრობიდან დიდი ალბათობით გათავისუფლდებიან

პროკურატურა თანახმაა, რომ “ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიშკა მგალობლიშვილი (იანგ მაიკი) და გიორგი ქებურია (KAY G) საპატიმრო დაწესებულებას ახლო მომავალში დატოვებენ. ეს საკითხი საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოში გადაწყდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რეპერებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა პროკურორები ამბობდნენ, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვისა და მათი მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე; დღეს პროკურატურამ პოზიცია შეცვალა.

“პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გამოკითხული იქნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია.

ვინაიდან გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369′ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:

“ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/ შენახვის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,  – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის მხრიდან პოზიციის შეცვლას წინ უსწრებდა ბირჟა მაფიის წევრების მხარდასაჭერად, ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ამ საკითხზე განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი