ახალი ამბები

“ბირჟა მაფიის” რეპერების მხარდამჭერი აქცია “მეტი რაღა უნდა მოხდეს?!” დასრულდა

10 ივნისი, 2017 • 3703
“ბირჟა მაფიის” რეპერების მხარდამჭერი აქცია “მეტი რაღა უნდა მოხდეს?!” დასრულდა

პროექტ “ბირჟა მაფიის”დაკავებული რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას მხარდამჭერი აქცია “მეტი რაღაუნდა მოხდეს?!” პარლამენტის შენობასთან 21:30 საათზე დასრულდა. აქცია რუსთაველის მეტროდან მსვლელობით დაიწყო და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

აქციის ბოლოს აქციაზე შეკრებილმა ასობით მონაწილემ ის სიმღერა (TSL შავი ზედა) იმღერა, რომლის გამოც ოჯახის ვარაუდით რეპერები პოლიციამ დააკავა.

აქციის ბოლოს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა. წიქარიშვილის თქმით, ამ ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა ამბობენ, რომ რეალურ ქმედებებს დაელოდებიან.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი