ახალი ამბები

აუდიტორია #115 პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქციას უერთდება

10 ივნისი, 2017 • 2632
აუდიტორია #115 პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ აქციას უერთდება

სტუდენტური მოძრაობა აუიტორია #115 პოლიციური კონტროლის წინააღმდეგ გამოდის და მხარდაჭერას უცხადებს 6 ივნისს დაკავებულ რეპერებს, რომლებსაც უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.

9 ივნიის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მოძრაობის აქტივისტებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და განაცხადეს, რომ “დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს რეპრესიული მანქანა”.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი გიორგი სოფრომაძე აცხადებს, რომ დაკავებული რეპერების საქმე კიდევ ერთხელ მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების არაკანონიერ ქმედებებზე.

აუდიტორია #115-ის წევრებმა მოუწოდეს ყველას, რომ ჩაერთონ 10 ივნისს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაში და ერთად დაიწყონ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ. სოფრომაძემ აღნიშნა, რომ “ბრძოლა დღეს არ იწყება და არც აქ მთავრდება”.

მოძრაობის წევრები ასევე გამოეხმაურნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე გამართლა.

“ეს არის მკაფიო მესიჯი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,რომ რეპრესიულ მანქნას აქვს ყველაფრის უფლება და გარანტირებული აქვს ხელშეუხებლობა.”

აუდიტორია #115-ის აქცია პარლამენტთან 09.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

აუდიტორია #115-ის აქცია პარლამენტთან 09.06.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დღეს ღამით გამართულ აქციაზე იმყოფებოდა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილიც, რომელმაც ასევე მოუწოდა ყველას, შეუერთდნენ ხვალიდნელ აქციას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ აქციები სისტემურ სახეს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი