ახალი ამბები

დემურ სტურუას დედა: ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლებით სამართალმა იზეიმა

9 ივნისი, 2017 • 4844
დემურ სტურუას დედა: ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლებით სამართალმა იზეიმა

დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის გამართლებით სამართალმა იზეიმა.

“სამართალმა იზეიმა და გაირკვა სიმართლე. ეს კაცი უდანაშაულო გამოდგა და გამოუშვეს… მე ვიცოდი დარწმუნებით, რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იქნებოდა. ნამდვილი მკვლელები, ეტყობა, გარეთ დადიან”, – განაცხადა ნონა ჯოჯუამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნონა ჯოჯუას თქმით, თავდაპირველად მიაჩნდა, რომ გოდერძი თევზაძე დამნაშავე იყო, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა.

“მე გავარკვიე სიმართლე, გავარკვიე ყველაფერი. ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას და არავინ არაფრად ჩააგდო და არავინ რეაგირება არ მოახდინა ამ საკითხზე. ბევრი ეჭვი მაქვს მეორე წერილთან დაკავშირებით, რომელიც გივი მენაბდემ მოიტანა ჩემთან და ეს წერილი რომ მივიტანეთ პროკურორთან, ამ წერილის შესახებ გავიგეთ ჩემი უფროსი შვილისგან. დემურმა რომ წერილი ჭიშკარში ნახა, ჩემს უფროს შვილს დაურეკა და უთხრა, რომ წერილი ჭიშკარში არის დატოვებულიო. ეს წერილი ყანაში მოსახმარებელი კი არ იყო, გასაფრთხილებელი წერილი იყო. ავთოს წერილი იყო. იცი, ავთო ვინ იყო? მეჯართე იყო, რომელმაც გივი მენაბდის მანქანით წაიღეს მოპარული არყის ქვაბები და ჩააბარეს. პოლიცია დაეცა მეჯართის ცეხს და პრობლემა შეექმნათ. იმიტომ მოვიდა გივი მენაბდე და სასწრაფოდ გასაფრთხილებელი წერილი დაუტოვა ჩემს შვილს…. ჩემი შვილის მოპარული არყის გამოსახდელი ქვაბები და ლითონის რაღაცები ჩააბარეს… “, – განაცხადა

ნონა ჯოჯუას თქმით, მხარს არ დაუჭერს იმას, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ რატომ, ასეთი პასუხი აქვს:

“იმიტომ, რომ მე საერთოდ პროკურორი არც ერთ პროცესზე არაფერს მაგებინებს. ვინც იყო, მე ვგებულობდი ხალხისგან. მე სანახევროდ ვერ ვესწრებოდი იმის გამო, რომ სამგზავრო ფული არ მქონდა, რომ სასამართლოში წავსულიყავი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები. უდანაშაულო ადამიანი იყო და გაათავისუფლა. მე ვეძებ მკვლელს, გაჩერებას არ ვაპირებ, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ მოვნახავ.”, – ამბობს ნონა ჯოჯუა.


 

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა. წერილში აღნიშნული იყო, რომ თევზაძე მას სთხოვდა, დაესახელებინა ის პირები, რომლებსაც მარიხუანა ჰქონდათ დათესილი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი