ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

9 ივნისი, 2017 • 2045
სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა 2016 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო:

“ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ცოტნე გამსახურდიას მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.

ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად. დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე, მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ წინასწარ დადგმული სცენარით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, როდესაც მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიას ოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა”.- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცოტნე გამსახურდია ქრთამის მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 339- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვისსისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით  მიესაჯა  თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

“ამრიგად, დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაციას, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა ქრთამის მიცემის ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი”,- აცხადებს პროკურატურა. 

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვის კუთხით, შეუქცევადი ხასიათი ექნება.

უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა. მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოს  23 მსჯავრდებულის საქმეზე  მიმართა, საიდანაც 8 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი