ახალი ამბები

დეკანოზის დახურულ პროცესს ომბუდსმენი დაესწრება

9 ივნისი, 2017 • 1507
დეკანოზის დახურულ პროცესს ომბუდსმენი დაესწრება

დღეს, 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესს დაესწრება ომბუდსმენიც.

სახალხო დამცველის თქმით, კანონში გარკვევით წერია, რომ ომბუდსმენს ნებისმიერ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს:

“გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დასწრება შესაძლებელია. კანონში ეს ცალსახად წერია და მათი პასუხიც ამის დადასტურებაა.”

ნანუაშვილის განმარტებით, მას გაუთქმელობის ხელწერილი არ დაუწერია:

“დასწრება იმას არ ნიშნავს, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ჩვენი მიზანია პროცესის მონიტორინგი. დამოუკიდებელი, ნეიტრალური წარმომადგენლის დასწრება. მაქსიმალურად დავაკვირდებით პროცესს და შევისწავლით, თუ რამე დარღვევა იქნება.”

ომბუდსმენის აზრით, ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და სხდომები საჯარო უნდა იყოს:

“მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა გამოსავალი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ იმის დასაბუთება, პროცესი მთლიანად დახურული რატომ უნდა იყოს. რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე, ვიზიარებთ ადვოკატების მოსაზრებას სხდომების გახსნაზე. ბრალდებულიც დაინტერესებულია სხდომების გახსნით, საპატრიარქოს ადვოკატიც მხარს უჭერს გახსნას,”-აღნიშნავს ნანუაშვილი.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, სადაც მთავარი პროკურორი ამბობს, რომ საქმეში პირადი საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ არსებობს. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ საჯარო იყოს ეს სხდომა,” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხდომას ომბუდსმენი დაესწრება :

“შემდეგ გამოჩნდება, პროცესი როგორ წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი დაესწრება ამ პროცესს, რადგან წინა სხდომაზე მისი არდაშვება კანონდარღვევა იყო.”


13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

მამალაძეს ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადების მცდელობაში ედება.

ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი