საბავშვო გადაცემები დიდებისთვის

საბავშვო ფორმატის სატელევიზიო გადაცემები ქართულ მედიასივრცეში არაა მრავალფეროვანი და ზოგ შემთხვევაში მოზარდებს დამამცირებლად და სასაცილოდ წარმოაჩენს. ამავე დროს, აძლიერებს გენდერულ სტერეოტიპებს, – ამბობენ მედიის მკვლევრები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ავტორი სალომე აჩბა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნება ისაა, რომ სატელევიზიო ეთერში ძალიან მცირე რაოდენობის საბავშვო გადაცემებია. ხოლო არსებულ გადაცემებს სერიოზული პრობლემა აქვს გენდერული სტერეოტიპების გავრცელების კუთხით. ისინი თითქმის არ არის მორგებული ბავშვების ინტერესებზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში არის ისეთი გადაცემები, სადაც ბავშვები დაცინვის ობიექტები არიან.

გადაცემები

“რუსთავი 2”-ის ერთადერთი საბავშვო გადაცემა “ეკივოკი” კვლევაში კრიტიკულადაა შეფასებული იმის გამო, რომ ბავშვები სასაცილო მდგომარეობაში არიან ჩაყენებული.

სტუდიაში არიან უფროსები, რომლებიც ისმენენ ბავშვების მიერ სიტყვების განმარტებას და მათ უნდა გამოიცნონ სიტყვა. გადაცემის შემდეგ წამყვანი სტუმარს აჯილდოებს სერტიფიკატით და “ბავშვური ლოგიკის ექსპერტის” წოდებით, იმის ნიშნად, რომ კარგად გაართვა თავი დავალებას.

“უფროსები ხალისობენ ბავშვების განმარტებებზე, რადგან მათ უწევთ განმარტონ ისეთი რთული სიტყვები, რომლებიც ზოგჯერ მეც არ ვიცი ხოლმე. ეს არის უფროსებისთვის სასაცილო და კარგად ერთობიან სტუდიაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მიუღებელია ბავშვის გასართობ, სასაცილო, საყვარელ არსებად წარმოჩენა”, – ამბობს სალომე აჩბა.

კვლევის მიხედვით, საბავშვო არხ “ბასტი ბუბუს” გადაცემებში მკაფიოდ არ ჩანს ფორმატი, რადგან ხშირად ბუნდოვანია კონცეფცია, თუ რა იდეა აქვს გადაცემას.

“ჩემთვის პირადად ცოტათი ბუნდოვანი და გაუგებარია, ვინ არის სამიზნე აუდიტორია. არის შემთხვევები, როცა არხზე გადის გადაცემა, რომლის სამიზნე აუდიტორია არიან არა ბავშვები, არამედ უფროსები”, – ამბობს აჩბა.

გადაცემა "წიგნების თარო" საზოგადოებრივი მაუწყებელი

გადაცემა “წიგნების თარო” საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასეთი გადაცემის მაგალითად მას მოჰყავს “პირადი ჩანაწერები”, სადაც ცნობილი ადამიანები- მაგალითად, მაკა მახარაძე- საუბრობენ იმის შესახებ, როგორ მიაღწიეს წარმატებას პროფესიულ ცხოვრებაში, როგორ შეუთავსეს ერთმანეთს ოჯახი და პროფესია.

ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც არა მარტო “ბასტი ბუბუს”, არამედ საბავშვო არხ “ენკიბენკისაც” აქვს,  არის გენდერული სტერეოტიპები, რაც ჩანს მუსიკალურ კლიპებში, რომლებიც “ბასტი ბუბუზე” გადის.

მაგალითად, კლიპში, რომელიც სამზარეულოშია გადაღებული, ერთ-ერთი გოგონა მღერის “ცხობა ჩემი ჰობია”. ასევე, პატარა ბავშვები მღერიან დედობის მძიმე ტვირთზე, საუბრობენ იმის შეახებ, რომ ძალიან რთულია, იყო დედა, მოუარო ბავშვს.

ბიჭები კი გოგონებისგან განსხვავებულად არიან წარმოჩენილი. 4-5 წლის ბავშვები სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილი, ღებულობენ მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში და მღერიან  სამშობლოს სიყვარულზე. ასევე იმაზე, როგორ დაიცავს სამშობლოს, თუ ამის საჭიროება დადგება.

“[ეს კლიპები] ამყარებს სტერეოტიპებს გენდერულ როლებთან დაკავშირებით, რაც ისედაც მძლავრადაა საზოგადეობაში, თავად გადაცემებშიც ხშირად ისმის გენდერული სტერეოტიპები. მაგალითად, გადაცემაში “თავდაყირა” მიწვეულმა სტუმარმა გააკეთა რეპლიკა, რომ ქალბატონი ჯერ უნდა იყოს დიასახლისი და შემდეგ სხვა პროფესია ჰქონდეს, რომ ოჯახი იყოს უფრო მყარი. უნდა ვიყოთ ფრთხილი ასეთ საკითხებთან დაკავშირებით”, – ამბობს სალომე აჩბა.

აჩბას თქმით, საბავშვო არხებზე შემეცნებითი გადაცემების ნაკლებობაა. “ბასტი ბუბუს” ერთ-ერთი გადაცემის მიხედვით ბავშვმა უნდა ისწავლოს ქართულად კითხვა სიმღერის საშუალებით და ქვემოთ იწერება ტექსტი. თუმცა ბუნდოვანია, ბავშვმა როგორ უნდა შეისწავლოს კითხვა, თუ მან კითხვა არ იცის და ვერ ცნობს ასო-ბგერებს?

რაც შეეხება ტელეკომპანია “ენკიბენკს”, პრობლემები არის აბსოლუტურად იდენტური, რაც აქვს “ბასტი ბუბუს”, აქაც გენდერულ სტერეოტიპებს ავრცელებენ და არაა მისადაგებული ბავშვის მოთხოვნებზე, ამბობს სალომე აჩბა.

კვლევაში მოყვანილია გადაცემა “ტელეატლასი” შემდეგი ტექსტით: “ონორე დე ბალზაკმა შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა, მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგიერთი რამით შუასაუკუნეების მისტიკურ რეალიზმს წააგავს.”

"ბასტი ბუბუს სტუდია

“ბასტი ბუბუს სტუდია

სალომე აჩბა ამბობს, რომ ასეთი ტექსტი ცოტათი მძიმეა და შეიძლებოდა, ეს საკითხი უფრო მარტივად გადმოეცათ მოზარდებისთვის.

კვლევა 2016 წლის შემოდგომზე ჩაატარეს, შეისწავლეს ყველა ეროვნულ მაუწყებელზე იმ პერიოდში არსებული გადაცემები და ორი საბავშვო არხი. იმჟამად საბავშვო გადაცემები გადიოდა მხოლოდ ორ არხზე- საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი ორზე. ასევე ფუნქციონირებდა და ახლაც ფუნქციონირებს ორი საბავშვო არხი – “ბასტი ბუბუ სტუდია” და “ენკიბენკი”.

კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული სამი გადაცემა: “წიგნების თარო”, “სიტყვებით თამაში” და “რაგბი მიგვაქვს მთაში”, საკმაოდ კარგად წარმოაჩენდა მოზარდებს და პასუხობდა მათ ინეტერსებს.

შეფასებები

თამუნა ახვლედიანი, “ბასტი ბუბუს სტუდიის” დირექტორი, ამბობს, რომ აღნიშნული გადაცემებიდან რამდენიმე ეთერში აღარ გადის, თუმცა შეიძლება არქივის გაშვებისას ისევ აჩვენონ. ახვლედიანის თქმით, კვლევისას დასახელებული შეცდომები მათაც აწუხებთ და ფიქრობენ, თუ როგორ გამოასწორონ.

ახვლედიანი ამბობს, რომ ტელევიზია “ბასტუ ბუბუს სტუდიის” შემოსავლებით ფუნქციონირებს. სტუდიაში სწავლობენ ბავშვები, რომელთა რიცხვი დაახლოებით 500-ია. ისინი ძირითადად ცეკვასა და სიმღერას სწავლობენ. ამ სტუდიიდან არჩევენ ბავშვებს, რომლებიც შემდეგ კლიპებს და სიმღერებს წერენ.

ახვლედიანის თქმით, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის პროდიუსერს, თუ როგორ უნდა გააკეთონ გადაცემა, თუმცა მნიშვნელოვანია მშობლის კონტრიბუცია, რომელიც დამფინანსებელია  კლიპის მომზადებაში.

ახვლედიანი ამბობს, რომ მათი გადაცემები არის სამი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი – სკოლამდელი ასაკის, საშუალო სკოლის ასაკის და 10-11 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათი ტელევიზია ძირითადად მუსიკალური გადაცემებისა და კლიპებისგან შედგება. ასევე აქვთ “ბასტი ბუბუს” ანიმაცია, ანბანს ასწავლიან ბავშვებს.

ახვლედიანის თქმით, სტუდიის მოსწავლე ბავშვებთან ურთიერთობისას  ხვდებიან, რა არის აქტუალური და საინტერესო მათთვის.

“ბავშვებთან კომუნიკაციით ყოველთვის ხვდები, რა აინტერესებთ, რა არის აქტუალური. რომ გახვალ კორიდორში, გაივლი, კომუნიკაციით და ბავშვებთან უკუკავშირით ხვდები, რა ხდება ბავშვებისთვის საინტერესო”, – ამბობს ახვლედიანი.

გადაცემა “წიგნების თაროს” წამყანი და სცენარისტი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სამომავლოდ სურთ, გადაცემას დაემატოს ნაწილი, სადაც გამოჩნდება არა მარტო გადაცემის მონაწილე ბავშვების ცოდნა, არამედ მათი მსოფლმხედველობა, რას ფიქრობენ და რა პარალელებს ავლებენ.

ლორთქიფანიძემ თქვა, რომ გადაცემის მონაწილეების ურთიერთობა გადაცემის დამთავრების შემდეგაც გრძელდება. მათ აქვთ 300-წევრიანი ქსელი, სადაც მოზარდები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს და აზრებს წიგნების, სტატიების შესახებ, მონაწილეობენ საზაფხულო ბანაკებში.

თუმცა პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია ახლი მენეჯმენტის შესვლის შემდეგ და უცნობია, დარჩება თუ არა ეს გადაცემა ეთერში.

მოზარდმა ალექსანდრე ტუღუშმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მედიასივრცეში ძალიან ბევრი საინფორმაციო და პოლიტკური გადაცემაა, თუმცა მოზარდებს არ ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და გადაცემებში.

ალექსანდრე ტუღუშის თქმით, მისი სურვილია, უფრო მეტი შემეცნებითი გადაცემა იყოს მოზარდებისთვის.

ლიკა ვეკუასაც სურს, რომ მისთვის, როგორც მოზარდისთვის, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები უფრო მეტი იყოს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გადაცემის წამყვანები ბავშვები იყვნენ, რადგან ეს მათთვის სატელევიოზიო სივრცეს ხელმისაწვდომს ხდის.

გადაცემა "ეკივოკი" რუსთავის 2

გადაცემა “ეკივოკი” რუსთავის 2

“მე რომ ვიყო პატარა და მინდოდეს, რომ ჟურნალისტი გავხდე, როდესაც შევხედავ 15 წლის ბავშვს, რომელიც წამყვანია, გამიჩნდება იმის განცდა, რომ გავხდე ჟურნალისტი”, – ამბობს ლიკა ვეკუა.

ლუკა წიქარიშვილის თქმით, საბავშვო გადაცემებში  შეიძლება ხშირად მოიწვიონ მშობლები, ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ პრობლემაზე, რაც შესაძლოა სულაც არ იყოს მოზარდებისთვის პრობლემა, ან პირიქით, მოზარდებს არაფერი ჰკითხონ.

“მაგალითად, სქესობრივი დისკრიმინაცია. მშობლები ამბობენ, რომ თავიანთ შვილებს, გოგოს და ბიჭს თანასწორად ექცევა, თუმცა, რადგან გოგოა, არ გაუშვებენ [სადმე]”, – ამბობს ლუკა წიქარიშვილი.

მისივე თქმით, შემეცნებით-გასართობი გადაცემები უფრო დააინტერესებთ მოზარდებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად უფროსები საუბრობენ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ბავშვებს ეხებათ და ნაკლებად ეკითხებიან ბავშვებს ამ საკითხების ირგვლივ.

“ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა პირდაპირ ისაუბრონ საკითხებზე, რომლებიც ჩვენზე უკეთ იციან და ბავშვების ხმა მეტად ისმოდეს მედიაში”, – ამბობს ქურციკიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლზე გასული გადაცემები, რომლებიც დადებითადაა შეფასებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე არაა გათვლილი.

“მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ფაქტობრივად არაფერი არ გვხვდება არც ერთ არხზე”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

ძველიშვილის თქმით, ასევე გვხვდება გამოკითხვები, სადაც ბავშვებს კითხვებს უსვამენ იმ თემებზე, რაც არ იციან, მაგალითად, საქართველოს საგარეო კურსის შესახებ.

ძველიშვილის განმარტებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში წერია, რომ არ შეიძლება ადამიანს ჰკითხო აზრი, მისი ასაკიდან გამომდინარე, ისეთი რამის შესახებ, რასაც ვერ უპასუხებს.

“მთავარი პრინციპი ბავშვების პატივისცემაა, საიდანაც უნდა ამოვიდეთ. მათაც ისევე სჭირდებათ პატივისცემა, როგორც აუდიტორიის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს,”- ამბობს ნატა ძველიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com