ახალი ამბები

გვარამიას გადადგომა რ2-ის საქმეში სამართლებრივად არაფერს ცვლის – პაატა სალია

9 ივნისი, 2017 • 2648
გვარამიას გადადგომა რ2-ის საქმეში სამართლებრივად არაფერს ცვლის – პაატა სალია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადადგომა, რის შესახებაც ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, მათ საქმეში სამართლებრივად არაფერს ცვლის.

როგორც სალიამ ნეტგაზეთს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ არხის მფლობელებად საჯარო რეესტრში კვლავაც ძმები ყარამანიშვილები, ტვ საქართველო და ნინო ნიჟარაძე არიან რეგისტრირებული, მათ დირექტორის შეცვლის უფლებამოისლება აქვთ.

“აბსოლუტურად არაფერი იცვლება ამით. სანამ რეესტრში რეგისტრირებული არიან, შეუძლიათ [დანიშნონ ახალი დირექტორი]. [საქართველოს] სასამართლოს გადაწყვეტილება კი არსებობს [ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ], მაგრამ ჩვენ საჯარო რეესტრისთვის არ მიგვიმართავს და ცვლილებაც არ მომხდარა იმის გამო, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით”, – გვითხრა სალიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ დატოვა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე წყარომ არაოფიციალურად დაუდასტურა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ეს გადაწყვეტილება ჯერ არც საჯარო რეესტრში ასახულა.

ჯერჯერობით უცნობია  გვარამიას გადადგომის მიზეზი. მან რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუკი არხზე ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, გადადგებოდა. მისი თქმით, დრო ამისთვის სექტემბრამდე სჭირდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი