არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამია რუსთავი 2–ის გენდირექტორის პოსტიდან გადადგა

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორის პოსტი ნიკა გვარამიამ დატოვა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე წყარომ არაოფიციალურად დაუდასტურა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ჯერჯერობით უცნობია  გვარამიას გადადგომის მიზეზი. მან რამდენიმე დღის წინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუკი არხზე ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, გადადგებოდა. მისი თქმით, დრო ამისთვის სექტემბრამდე სჭირდებოდა.

თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2–ის გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი შეხვდა კიევში მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა ენმ–ის მერობის კანდიდატი თბილისში.

გუშინ, 7 ივნისს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა გიორგი ლაფერაშვილმა და მისი ადგილი ნოდარ მელაძემ დაიკავა.

ჩვენ ვცდილობთ ტელეფონით დაკავშირებას ნიკა გვარამიასთან, ზაალ უდუმაშვილთან, გიორგი ლაფერაშვილთან, ნოდარ მელაძესთან, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. ნიკა გვარამია 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2007 წლიდან 2008 წლის 31 იანვრამდე კი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი