ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ჰომოფობია არ ახასიათებს

8 ივნისი, 2017 • 2338
ირაკლი კობახიძე: ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ჰომოფობია არ ახასიათებს

“მე მართლა მჯერა, რომ კონსტიტუციით ქორწინების, როგორც კაცისა და ქალის კავშირის, განსაზღვრა ჰომოფობიას შეამცირებს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 8 ივნისს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის აზრით, ჰომოფობიის თვალსაზრისით საზოგადოებაში მძიმე განწყობა არ არის. მისივე თქმით, ქორწინების საკითხი ანტიდასავლურ პროპაგანდაში აქტიურად გამოიყენება:

“ჰომოფობია ჩვენი საზოგადოებისთვის, მათი დიდი უმრავლესობისთვის დამახასიათებელი არ არის. თუმცა ქორწინების საკითხი ერთადერთი ფაქტორია, რომელიც გარკვეული ძალების მიერ, სამწუხაროდ, ეფექტურად გამოიყენება ჰომოფობიური განწყობების გასაღრმავებლად. ეს არის რეალობა. მათ შორის არის კონკრეტული გარე ძალები, რომლებიც ამ ფაქტორს იყენებენ ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. თუ ქორწინების საბაბი გამოეცლებათ ამ ძალებს, ამ შემთხვევაში შეჩერდება ის ტენდეცია, რომელსაც ყველა ვხედავთ,” – აღნიშნა კობახიძემ.

“თანასწორობის მოძრაობის” წევრმა, ნინო ბოლქვაძემ ამ განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, თუ რატომ არ წერენ სამოქალაქო პარტნიორობის უფლების შესახებ კონსტიტუციაში. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ამ ჩანაწერის გაკეთება ჰომოფობიური განწყობების გაღვივების კიდევ ერთი საბაბი იქნება:

“ეს ჩანაწერიც გახდება კიდევ ერთი საბაბი. ჩვენი გულწრფელი სურვილი და  ამოცანაა, რომ თითოეული ადამიანის უფლებები იყოს დაცული და შემწყნარებლობის სულისკვეთება მყარად ჩამოყალიბდეს საზოგადოებაში. მე მზად ვარ, პირადად თქვენ შეგხვდეთ და ერთად გავიაროთ ის საკითხები, რაც დაკავშირებულია ჰომოფობიასთან და დისკრიმინაციასთან,” – მიმართა ნინო ბოლქვაძეს ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციის საკითხებში, ვენეციის კომისიამ უკვე მოამზადა რეკომენდაციების პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ. ეს პროექტი “ნეტგაზეთს” წყარომ მიაწოდა. პროექტში წერია, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი არ უნდა ინტერპრეტირდეს ისე, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს პარტნიორობა აეკრძალოთ.

“ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს, როგორც ერთი და იმავე სქესის მქონეთათვის პარტნიორობის აკრძალვა,” – წერია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი