ახალი ამბებისამართალი

შსს-ს განმარტება დაკავებულზე არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტზე

8 ივნისი, 2017 • 5763
შსს-ს განმარტება დაკავებულზე არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულ დ.გ-ს, რომლის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის მუქარისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტს პროკურატურა იძიებს, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია. აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა.

შსს-ს ინფომაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ივნისს, შუაღამისას, დაახლოებით 03:40 საათზე, ი.ქ. კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა.

შსს-ს ცნობით, ი.ქ. 18 წლის განმავლობაში იყო პოლიციის თანამშრომელი. მან თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება. საბოლოოდ, ი.ქ-მ შეძლო დ.გ-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დ.გ-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დ.გ-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

იზოლატორში შესახლების დროს დ.გ-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.” – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიღების დროს ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

2017 წლის 6 ივნისს დ.გ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 7 ივნისს მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გადაიყვანეს მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რაც დაადასტურა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას.

გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი