ახალი ამბები

ადვოკატი აფგან მუხთარლისა და მისი ცოლისთვის დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

8 ივნისი, 2017 • 1818
ადვოკატი აფგან მუხთარლისა და მისი ცოლისთვის დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და მისი ცოლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ამჯერად რაიონულ პროკურორს მიმართა.

ჩოფიკაშვილი საგნგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე საქმეს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მისი თქმით, კანონის მოთხოვნით, საქმე პროკურატურამ უნდა გადაიბაროს, რადგან შესაძლოა აფგან მუხთარლის გატაცებაში შსს–ს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

როგორც ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ხელისუფლების პირველი პირები გამოძიების პირველადი შედეგების გამოცხადებამდეც კი გამორიცხავენ აჯერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას.

“ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გამოძიებას, რომ გაეცათ დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლისთვის და ლეილა მუსტაფაევასთვის, მაგრამ ამ დრომდე ეს არ მომხდარა. ამის გამო უკვე რაიონის პროკურორს მივმართეთ და ვითხოვეთ, რომ დაზარალებულად ცნოს როგორც აფგან მუხთარლი, ასევე, მისი ცოლი. შესაბამისად, ველოდებით მათ გადაწყვეტილებას, თუმცა არ გვაქვს დიდი იმედი, ვინაიდან ჯერ კიდევ შსს იძიებს საქმეს და არა პროკურატურა. პრემიერ–მინისტრმა გააკეთა განცხადება გამოძიებისა და მტკიცებულებების გარეშე, რომ გამორიცხულია ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობა. ფაქტობრივად, ეს მითითება სრულდება ახლა. კანონით, საქმეს უნდა იძიებდეს მთავარი პროკურატურა,” – განუცხადა ნეტგაზეთს არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, გადაიბარებენ თუ არა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ასევე, მიანიჭებენ თუ არა აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და მის ცოლს დაზარალებულის სტატუსს. პროკურატურისგან პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

იმ შემთხვევაში, თუ რაიონული პროკურორი აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას დაზარალებულის სტატუსს არ მიანიჭებს, ადვოკატი ამას ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრებს, ხოლო შემდეგ უკვე სასამართლოს მიმართავს.

როგორც ქართველი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ასევე,  ბაქოს ციხეში დაპატიმრებული აფგან მუხთარლიც ითხოვს ყველა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერის გასაჯაროებას, რომელიც გატაცების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული და მისი გატაცების მარშრუტს ასახავს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი