ახალი ამბები

კანონპროექტით, კრემლის გავლენის წინააღმდეგ აშშ-მა $250 მილიონი უნდა გამოყოს

8 ივნისი, 2017 • 2253
კანონპროექტით, კრემლის გავლენის წინააღმდეგ აშშ-მა $250 მილიონი უნდა გამოყოს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

კანონპროექტში რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ხოლო ყირიმის საკითხზე დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა ანექსია განახორციელა. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან გააფორმა. კანონპროექტის მიხედვით, რუსეთი მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებითა და სხვა გზებით ცდილობს გავლენის მოხდენას ევროკავშირის წევრ, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.

კანონპროექტის მიხედვით, 2018-2019 წლებში აშშ-მა უნდა გამოყოს 250 მილიონი დოლარი რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს საელჩო აშშ-ში და შემდგომი ნაბიჯები განმარტა:

“აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.

შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აცხადებენ საელჩოში.

“კანონპროექტის მიხედვით, რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად, 2018-2019 ფისკალური წლებისთვის საჭიროა გამოიყოს 250 მილიონი აშშ დოლარი. რუსეთის მხრიდან ზემოქმედების აღსაკვეთად გამოყოფილი ფონდის თანხებით უნდა უზრუნველყონ ძირითადი ინფრასტრუქტურისა და ელექტორული მექანიზმების დაცვა კიბერშეტევებისაგან; ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ფონდის თანხები უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნებს- მათ შორის, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, მაკედონიას, მოლდოვას, კოსოვოს, სერბეთსა და უკრაინას- რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის გაფართოების პროცესში; ფონდის თანხები ასევე უნდა მოხმარდეს ზემოხსენებულ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებას; თანხები მიმართული იქნება ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურობის აღსაკვეთად, რაც გამოწვეული და გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით. ამას გარდა, ფონდი ასევე გამოყოფს სახსრებს საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო სფეროში ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკური გამჭვირვალობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად; თანხები ასევე უნდა მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, რათა წინ აღუდგეს ზემოხსენებულ ქვეყნებში რუსეთის ფედერაციის ზემოქმედებასა და პროპაგანდას”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი