ახალი ამბები

“პრაიდის” ჩაშლილი ჩვენება “მზიურში” – ბომბზე ცრუ შემტყობინებლის ვინაობა კვლავაც უცნობია

7 ივნისი, 2017 • 3202
“პრაიდის” ჩაშლილი ჩვენება “მზიურში” – ბომბზე ცრუ შემტყობინებლის ვინაობა კვლავაც უცნობია

გამოძიებიდან 20 დღის შემდეგ კვლავაც უცნობია, როგორ მიმდინარეობს “მზიურში” ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმის გამოძიება და მოხდა თუ არა ცრუ შეტყობინების ავტორის იდენტიფიცირება.

19 მაისს მზიურში  ფილმ “პრაიდის” ჩვენება ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინება იყო. პოლიციამ ძებნის სამუშაოები დაასრულა, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინა.

დღეს, 7 ივნისს “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ ამ საქმეზე სიახლე არ აქვთ:

“მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ვერაფერს გეტყვით,” – განაცხადეს სამინისტროში.

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სასჯელი პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს გაამკაცრა. ცვლილებების მიზეზი იმ პერიოდში გახშირებული ცრუ შეტყობინებები იყო. შეტყობინებების საფუძველზე ევაკუაცია გამოცხადდა სკოლებში, ბანკებში, ტელევიზიებსა და პარლამენტში. თუმცა ბომბი ვერც ერთ შემთხვევაში აღმოაჩინეს. ცრუ შეტყობინების ავტორებს პოლიცია იმავე ან მომდევნო დღეს აკავებდა და პასუხისგებაში აძლევდა.

______________________________________________________________________

“მზიურში” მეთიუ ვარშუსის მხატვრული ფილმის, “პრაიდის” ჩვენებას გეგმავდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია იყო.  ფილმის ჩვენება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს.

ფილმი მარგარეტ ტეთჩერის პრემიერ- მინისტრობის დროს, ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს. მაშინ გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლესბოსელებმა და გეებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.

ფილმის ჩვენების ჩაშლას თავდაპირველად “მზიურთან” შეკრებილი რამდენიმე სასულეიერო პირი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ისინი მზიურის კაფეში, სადაც ჩვენება უნდა გამართულიყო, არ შეუშვა.

შენობაში შევიდნენ ფილმის ჩვენების ორგანიზატორები და მათი ნაწილი, ვისაც ფილმის ნახვა სურდა. თუმცა დაახლოებით 20.30 საათზე პოლიციამ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, რადგანაც პოლიციის 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი