ახალი ამბები

დეკანოზ მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს

7 ივნისი, 2017 • 2455
დეკანოზ მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს. როგორც თავად დაკავებულის ძმა – თორნიკე მამალაძე ამბობს, საპატრიარქოდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ილია მეორე მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეა თანახმა.

თორნიკე მამალაძის თქმით, ბოლო კომუნიკაცია საპატრიარქოს წარმომადგენელთან ორშაბათს, 5 ივნისს ჰქონდა,

“კვირას დამირეკეს და მითხრეს, რომ ორშაბათს უნდა შევხვედროდით, მაგრამ მითხრეს, რომ ადვოკატების გარეშე, რაზეც მე უარი განვაცხადე. რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა უდიდესი პატივი და ბედნიერებაა თითოეული ქართველისთვის და, მით უმეტეს მართლმადიდებლისთვის, მაგრამ ამ მომენტში ისეთი სიტუაციაა, ამ შეხვედრას არ მინდოდა მხოლოდ დალოცვის ფორმა ჰქონოდა. თუ ამ საქმეზე პატრიარქს იურიდიულ საკითხზე კითხვა გაუჩნდებოდა და ლოგიკურია, რომ გაუჩნდება, მე მას პასუხს ვერ გავცემდი, რადგან საქმის დეტალებს არ ვიცნობ. აქედან გამომდინარე, ვუთხარი, რომ თავს შევიკავებდი და ველოდებით, როდის დაგვთანხმდება”, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

მისივე თქმით, საპატრიარქოში ორ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია, ერთი დაცვის წევრია, ხოლო მეორე- სასულიერო პირი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს:

“როგორც თვითონ მითხრეს, პატრიარქმა თქვა, რომ ეს საქმიანი შეხვედრა არ იქნება, იქნება, უბრალოდ, ოჯახის დალოცვაო”,- ამბობს თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძის თქმით, კომუნიკაციის დროს საპატრიარქოს წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ:

“ყველაფერი იმასთან დაკავშირებულია, რომ შორენა თეთრუაშვილთან და მეუფე იაკობთან მივიდა ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ, ოჯახის წევრები, ადვოკატებთან ერთად უნდა შევხვედროდით პატრიარქს. და როგორც პროკურატურას ეშინია სიმართლის ჩვენება საზოგადოებისთვის და ამიტომ ხურავენ სასამართლო პროცესს, ანალოგიური მოხდა და დაგვიკეტეს პატრიარქთან მისასვლელი გზა, რათა პატრიარქს ამ საქმესთან დაკავშირებით იურიდიულად სიმართლე არ გაეგო”,- ამბობს თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ადვოკატების გარეშე ეს შეხვედრა არ შედგება და ამ დრომდე საპატრიარქოსგან პასუხს ელოდება. “ნეტგაზეთი” შეეცადა საპატრიარქოსთან დაკავშირებას. თუმცა რამდენიმე წარმომადგენელმა საკითხზე საუბარი არ ისურვა, ნაწილთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”. გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა ”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი