ახალი ამბებისამართალი

სად იყო ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე? – არასამთავრობოების კითხვა ხელისუფლებას

7 ივნისი, 2017 • 10309
სად იყო ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე? – არასამთავრობოების კითხვა ხელისუფლებას

დღეს ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე იმსჯელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობა და ჩაკეტილობაა, ხოლო ამის საილუსტრაციოდ TI-მ მოკლე ვიდეო მოამზადა.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ნებისმიერი საკითხზე მსჯელობისას ხშირად ისმის შეკითხვა, თუ “სად იყავით 2012 წლამდე?”. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, თავის მხრივ, რიტორიკული კითხვით მიმართავენ ხელისუფლებას, სად იყო მათი ამჟამინდელი თანაგუნდელი ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე.

ვანო ზარდიაშვილი ამჟამად საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილეა. 2004–2006 წლებში ის იყო გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მრჩეველი, რომელიც ახლა ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ძებნაში ჰყავთ. ზარდიაშვილი 2010–12 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012–13 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დღეს სწორედ ვანო ზარდიაშვილია ხელისუფლების საკონტაქტო პირი სასამართლოსთან.

“ძალიან ხშირად, მათ შორის, პოლიტიკურ დებატებში და სხვადასხვა კონკურსების დროს, სახელისუფლებო კანდიდატებისგან, როდესაც რომელიმე კონკრეტული კანდიდატი არ მოსწონთ, მათთვის მოქმედებს ძალიან მაგიური კითხვები: სად იყავი 2012 წლამდე? სად მუშაობდი? რატომ მუშაობდი და ა.შ. ახლა მე მაქვს კითხვა: ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პროკურატურიდან მოდის მრჩეველი, რატომ მუშაობდა იმ შავ და ბნელ წლებში პროკურატურაში, რითი იყო კონკრეტულად დაკავებული და რას ურჩევდა ზურაბ ადეიშვილს. ან მას შემდეგ, რაც გადაინაცვლა სასამართლო კორპუსში წინა ხელისუფლების დროს, რითი იყო დაკავებული? თუ სხვების ცუდი წარსული მოქმედ ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს, მათი ამჟამინდელი თანაგუნდელების წარსულიც უნდა უქმნიდეთ დისკომფორტს და არ გყავდეთ გუნდში. თუმცა, გასაგებია, თუ რისთვის არიან დღეს ისინი საჭირო, მათ შორის, ოცნების ხელისუფლებისთვის,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, საიას ხელმძღვანელი.

მმართველი გუნდის მიერ უვადოდ დანიშნული და დაწინაურებული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში ძირითადად პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოხვდნენ.  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თავმჯდომარის, ეკა გიგაურის შეფასებით, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმამ კიდევ მრავალი წლით გადაიწია იმის გამო, რომ ეს ადამიანები უვადოდ დანიშნეს.

“თქვენ ხედავთ, რომ სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. დღეს წარმოდგენილ ვიდეოში შევეცადეთ, ძალიან მოკლედ აგვეხსნა საზოგადოებისთვის, თუ რატომ ვართ ასეთი კრიტიკულები ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით,” – ამბობს გიგაური.

არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია მოითხოვენ, რომ შეიცვალოს კანონი სასამართლო სისტემის უფრო მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად მოსამართლეების დანიშვნასთან და დაწინაურებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ეკა გიგაური ამბობს, კანონში დღესაც გვაქვს ისეთი ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იყო, ეს ადამიანები არ დარჩენილიყვნენ სისტემაში:

“კანონი მოითხოვს, რომ კანდიდატს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, რეპუტაცია და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები, რომელიც დართავს მათ ნებას, დარჩნენ სასამართლო სისტემაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად იმ ცუდად გაწერილი კანონის მოთხოვნებიც კი არ შეასრულეს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები დანიშნეს სისტემაში. მათი სასამართლო სისტემაში ყოფნით რეფორმა გადაიდო მრავალი წლით, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია, უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს შეიცვალოს. ეს ადამიანები ქმნიდნენ იმ სისტემას, რომელსაც ვაკრიტიკებდით წლების განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში სასამართლო, ფაქტობრივად, არ არსებობდა.”

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოცნების ხელისუფლების მიერ უვადოდ დანიშნული და დაწინაურებული მოსამართლეების ბიოგრაფია თავად მიანიშნებს ყველაფერზე. მისი შეფასებით, ვითარება ძალიან კრიტიკულია და ხელისუფლებას აქვს გასაკეთებელი მარტივი არჩევანი – “უნდა, ასოცირდებოდეს ასეთ ადამიანებთან, თუ უნდა, რომ ასოცირდებოდეს რეალურად დამოუკიდებელ და ღირსეულ სასამართლო სისტემასთან.”

მმართველი გუნდის წევრებისთვის “არარეალურია” არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში დღეს კლანური მმართველობაა. თავად ვანო ზარდიაშვილი მესამე სექტორს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

“მზად ვარ, ნებისმიერ ღია ფორმატში, ნებისმიერ ტელესივრცეში მათთან ერთად დავჯდე და ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, თუ მათ რამე რეალური მტკიცებულება ან რეალური გარემოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კავშირი რამენაირად დასტურდება სასამართლო სისტემასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა მიხარია, რომ ქალბატონ ეკა გიგაურს არ მოსწონს სასამართლო სისტემა იმ ვითარებაში, როდესაც იგი აღმერთებს და კუმირია მისთვის მამუკა ახვლედიანი, როგორც მოსამართლე,” – ამბობს ზარდიაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამ ადამიანებს აღარაფერი ეშველებათ, რადგან მათი ბიოგრაფია უკეთესი ვერ გახდება და შავი ლაქები სამუდამოდ დარჩება.

“საკითხი დგას ასე, რამდენად უნდა ხელისუფლებას, ეს ადამიანები იყვნენ მათი სახეები და მოქმედი პოლიტიკური ძალა ასოცირდებოდეს ამ ტიპის ადამიანების მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებასთან. ჩვენ გვესმის ხელისუფლების მესიჯი, რომ ისინი არ წავიდნენ რადიკალური გზებით და არ გაყარეს ეს მოსამართლეები სისტემიდან. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არის ფაქტი და რასაც ჯიუტად უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები: 2015–16 წლებში ამ ადამიანებს, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელების ნაცვლად, მანტიამოსხმულები, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების თავისუფლება, უფლებები და ღირსება სასამართლოს სახელით შელახულიყო, ბუნებრივად ეწურებოდათ მათი უფლებამოსილების ათწლიანი ვადა, ხელისუფლებამ კი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანები სისტემაში ვეღარ დაბრუნებულიყვნენ. პირიქით – ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ მაქსიმალურად კომფორტულად გაეგრძელებინათ მოსამართლის საქმიანობა და მათი ნაწილი უკვე უვადოდ არის დანიშნული,” – ამბობს ნაცვლიშვილი.

საიას ხელმძღვანელის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, ვისთან ასოცირდება და ვის დაბრუნებას შეუწყო ხელი სასამართლო სისტემაში. მისი თქმით, უვადოდ დანიშნული მოსამართლეთა უმეტესობა ვერ ქმინს ღირებულ პროდუქტს სასამართლო სისტემაში და ისინი ვერანაირად მოახერხებენ საკუთარი ცუდი წარსულისგან დისტანცირებას, რომელსაც ხშირად ცუდ კანონებს აბრალებენ:

“ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და სასაცილო არგუმენტი, როცა მოსამართლე ხარ და ცუდ კანონს აბრალებ საკუთარ უსამართლო გადაწყვეტილებებს.”

2017 წლის 5 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 სასამართლოს თავმჯდომარე ერთხმად დანიშნა. კენჭისყრას არ დასწრებიან საბჭოს არამოსამართლე წევრები, გოჩა მამულაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი. შესაბამისად, თითოეული მოსამართლე 13 ხმით დაინიშნა. გაწერილი წესი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს სასამამართლოს თავმჯდომარე, არ არსებობს. დანიშნულთაგან არც ერთ კანდიდატს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი