ახალი ამბები

ხულორდავა: ვისურვებდი, მუხთარლის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს

7 ივნისი, 2017 • 1454
ხულორდავა: ვისურვებდი, მუხთარლის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ უმჯობესია, აფგან მუხთარლის საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

ხულორდავა ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ  არ არის ნამდვილად საგანგაშო ის, რომ გამოძიებას რაღაც პერიოდი სჭირდება:

“ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, ვაცადოთ გამოძიების ორგანოებს მუშაობა. მე პირადად ვისურვებდი, გამოძიება ჩაატაროს პროკურატურამ იმიტომ, რომ მეტ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას შესძენდა ამ პროცესს. ამიტომ, ვფიქრობ, ამის რესურსიც არსებობს და შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ,”- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ხულორდავას თქმით, გამოძიებასთან კითხვები მასაც აქვს:

“აუცილებელია საქმის ვითარების სრულფასოვანი და ობიექტური გამოძიება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მივიღოთ ობიექტური და სრული სურათი გამოძიების შედეგად. ჯერ ასეთი სურათი ნამდვილად არ არსებობს იმიტომ, რომ მე პირადადაც მაქვს გარკვეული კითხვები. მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდება, ეს პროცესი ვერავითარ უარყოფით ზეგავლენას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებიზე ვერ მოახდენს,”- განაცხადა ხულორდავამ.


აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი