ახალი ამბები

ივანიშვილის ხეების გადატანისას პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

7 ივნისი, 2017 • 2432
ივანიშვილის ხეების გადატანისას პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი დააკავეს. ასევე დაკავებულია პარტიის აქტივისტი რეზო ხარაზი. პრესსპიკერის ცნობით, მათი დაკავება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას უკავშირდება. დეპუტატები ხეების გადამზიდავებს გადატანის ნებართვას სთხოვდნენ.

ენმ-ის ინფორმაციით, დეპუტატები პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეები გადააქვთ.

„მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი, იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის გამოც ისინი პოლიციამ დააკავა“-აცხადებს ენმ-ის პრესსპიკერი ლია ჯაყელი.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში რეზო ხარაზი ქობულეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ელგუჯა ბაგრატიონი კი ბათუმშია დაკავებული.

მომხდართან დაკავშირებით ენმ ბრიფინგს მოგვიანებით გამართავს.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაგრატიონი და ხარაზი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი პოლიციამ უკვე მესამედ დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი