ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ, კონსტიტუციის პროექტი შემოდგომით მიიღონ

6 ივნისი, 2017 • 1770
არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ, კონსტიტუციის პროექტი შემოდგომით მიიღონ

ხუთი არსამთავრობო ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით ივნისში მიიღოს. არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ, კონსტიტუციის პროექტი ივნისის ნაცვლად  საშემოდგომო სესიაზე განიხილოს.

მათივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ კონსტიტუციის კანონპროქტის განხილვა პარლამენტში არაგონივრულად მცირე ვადაში არ წარიმართოს შემდეგი მიზეზების გამო:

[checklist]

  • კონსტიტუციის გადასინჯვის პირველი ორი ეტაპი – საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა და საყოველთაო-სახალხო განხილვ ფორსირებულად და გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. კანონპროექტის მომზადების მიზნით კომისიისთვის განსაზღვრული იყო შემჭიდროებული ოთხთვიანი ვადა, რომელიც იმთავითვე გამორიცხავდა მთელ რიგ საკითხებზე კომისიის ფარგლებში დეტალური მსჯელობის შესაძლებლობას;
  • კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებზეც შესაბამის აქტორებს შორის არსებობს ნულოვანი კონსენსუსი – ასეთია საარჩევნო სისტემა. შემოთავაზებული მოდელი მისაღებია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის – მმართველი პარტიისთვის; როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ერთხმად ეწინააღმდეგებიან ე.წ. „ბონუსის სისტემის“ შემოღებას, რაც ცალსახად უთანასწორო პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და, ამრიგად, არსებითად უსამართლოა (თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნული აქტორი ცალსახად მხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე);
  • იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება იგეგმება. ამასთან, დღემდე შეუძლებელია მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული კომპრომისის – პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლის 2023 წლისთვის გადადების – მყარად დადასტურება; ეს თემა კვლავაც ხდება არასათანადო პოლიტიკური მანიპულაციების საგანი;
  • ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, ან ზედა ზღვრის გაზრდა რეფერენდუმის გზით, მიწის გასხვისების საკითხი და სხვ. ამ თემების გამო საზოგადოებაში არსებული ღრმა პოლარიზება როგორც სამუშაო ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებმა, ასევე საყოველთაო სახალხო განხილვებმაც გამოავლინა. შესაბამისად, აუცილებელია ფართო კონსენსუსის მიღწევა, ნაცვლად კანონპროექტის ფორსირებულ რეჟიმში მიღებისა.
  • ხელისუფლების მიერ პროცესის დასაწყისშივე გამოცხადებული იყო, რომ კონსტიტუციაში არ განხორციელდება ცვლილებები, რომლებიც შესაბამისობაში არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ვენციის კომისია დასკვნას 16 ივნისს გამოაქვეყნებს. შესაბამისად, ივნისის თვეში ორი მოსმენის გამართვა გაუმართლებლად შეზღუდავს ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების სრულყოფილად გააზრების და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტში სრულყოფილად ასახვის შესაძლებლობას.

[/checklist]

 

არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, არ განიხილოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ივნისში და პროცესი დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი