ახალი ამბებიკომენტარი

საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდა – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

6 ივნისი, 2017 • 16994
საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდა – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

გთავაზობთ ანალიტიკური ცენტრის, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიზს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და აფგან მუხთარლის საქმეებთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონტექსტში:

საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვანი ელემენტია. ის განსაკუთრებულ დატვირთვას პატარა ქვეყნებისთვის ატარებს. საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდა 29 მაისს აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარების შემდეგ.

მეორე შემთხვევა, რომელმაც დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, მუსტაფა ემრე ჩაბუქს უკავშირდება.  თურქული სკოლის მასწავლებელი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მთავრობის მოთხოვნით ტერორიზმის მხარდაჭერის ეჭვის საფუძველზე საქართველოს პოლიციამ დააპატიმრა. 25 მაისს მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.  “ამნესტი ინთერნეიშენალი”  გამოქვეყნებულ ანგარიშში იტყობინება, რომ ჩაბუქის ექსტრადიციის საფრთხე ძალიან დიდია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლების მხრიდან წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე ემუქრება. ჩაბუქს ბრალად ედება  აშშ-ში მოღვაწე ფეთჰულაა გულენთან კავშირი. მას თავის მხრივ თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად აქვს წაყენებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც გასულ წელს თურქეთში მოხდა.

ზემოხსენებულის გავლენა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე:

  • მუხთარლის ინციდენტმა საქართველოს რეპუტაცია შელახა, როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საქართველოს იმიჯს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების სფეროში. მარგველაშვილმა ეს ინციდენტი “სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის სერიოზულ გამოწვევად” მოიხსენია.

ლევან ასათიანმა, “ამნესტი ინთერნეიშენალის” სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ინციდენტში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების უშუალო კრიტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა.

  • შემთხვევა ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუძლოს სტრატეგიული პარტნიორის ზეწოლას. წლის დასაწყისში საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ბუნებრივ გაზზე შეთანხმებას საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2017 წელს აზერბაიჯანი ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს, რაც ხელს შეუშლის საქართველოს მიერ რუსეთისგან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შეძენას. მუხთარლის შემთხვევამ კიდევ უფრო გააძლიერა გარკვეული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობს ხელსაყრელ ფასში მოწოდებული გაზის სანაცვლოდ. ამგვარი კრიტიკის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ წლის დასაწყისში მთავრობამ უარი თქვა რამდენიმე აზერბაიჯანელი დისიდენტისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მინიჭების შესახებ.
  • აზერბაიჯანის მიდგომა კონტრპროდუქტიულია, რადგან ის ძირს უთხრის ბაქოსა და თბილისს შორის სტრატეგიულ ურთიერთობების გამყარებას. გარდა ამისა, ინცინდენტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების გაუცხოების ტენდენციას ორივე მთავრობის მიმართ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ვალდებულებები რეალურია და მისი ვადლებულებების შესრულება ლიტონი სიტყვა არაა.
  • ინციდენტი ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო რეიტინგზე და ქვეყნის იმიჯზე. იკვეთება ორი შესაძლო ვარიანტი: საუკეთესო შემთხვევაში ეს ინციდენტი განხორციელდა ქართული მხარის დაუდევრობით, საზღვრის გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. უარეს შემთხვევაში კი საქმე გვაქვს თანამონაწილეობასთან.

გავლენა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე

  • მუსტაფა ემრე ჩაბუქის შემთხვევა ხაზს უსვამს უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული ზეწოლის ფონზე საქართველოს მოწყვლადობას/დაუცველობას. ჩაბუქის დაკავება თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტის მეორე დღეს განხორციელდა, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს ქვეყნის უნარზე, ეფექტურად გაუძლოს საგარეო ზეწოლას. მომხდარი ფაქტი უხერხული დილემის წინაშე აყენებს საქართველოს: ერთი მხრივ, არსებობს თურქეთის მთავრობის მიერ ექსტრადიციის ოფიციალური მოთხოვნა; მეორე მხრივ, არსებობს საფუძვლიანი ალბათობა იმისა, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში მას სასტიკად გაუსწორდებიან. თუ საქართველოს მთავრობა არ განახორციელებს ჩაბუქის ექსტრადირებას, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს. ოფიციალური ანკარის მოთხოვნის უარყოფა თურქეთის მთავრობამ შესაძლოა აღიქვას, როგორც დიპლომატიური დემარში ან მინიმუმ, როგორც გასული წლის გადატრიალების მცდელობის მონაწილეების ჩუმი მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ თუ საქართველო ექსტრადირებას მოახდენს, ეს იქნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯსა და სანდოობას.
  • საქართველოსა და თურქეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების შედეგად შესაძლოა ზიანი მიადგეს: 1) ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის განხორციელების შესახებ თანამშრომლობას; 2) თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის; 3) თურქეთის დიპლომატიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო და ეუთო; 4) სავიზო რეჟიმს თურქეთსა და საქართველოს შორის; და 5) ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს.
  • სამომავლო რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველო უნდა შეეცადოს, ჩაბუქის საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები (ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სხვადასხვა დიპლომატიური მისიები) და ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, თითოეული გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ძალიან დელიკატური, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ქვეყნის რეპუტაცია და პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, ხოლო, მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.

ავტორები: მარიამ გრიგალაშვილი და ჯოზეფ ლარსენი (GIP-ის ანალიტიკოსები)

მასალების გადაბეჭდვის წესი