ახალი ამბები

ჟურნალისტებმა აშშ-ის ელჩთან აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრეს

6 ივნისი, 2017 • 2332
ჟურნალისტებმა აშშ-ის ელჩთან აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრეს

დღეს, 6 ივნისს, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტები საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჟურალისტები: მაია მეცხვარიშვილი (Netgazeti.ge), გიორგი მგელაძე (სტუდია მონიტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე), ლიკა ზაკაშვილი (ლიბერალი)  თაზო კუპრეიშვილი(on.ge).

როგორც ჟურნალისტებმა შეხვედროს დასრულების შემდეგ განაცხადეს,  ელჩთან იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც ამ საკითხთანდაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე არაერთხელ დააყენეს. მათ საგამოძებო უწყებებისგან აინტერესებს პასუხი კითხვებზე, თუ როგორ გადაკვეთა აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის საზღვარი პასპორტის გარეშე. ჟურნალისტები ასევე მოითხოვენ კამერების ჩანაწერების ამოღებასა და გასაჯაროებას.

ჟურნალისტებმა იან კელისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანხელისუფლებაზე მკვეთრი ზეწოლა, რათა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და კითხვებს პასუხები გაეცეს.

ჟურნალისტების თქმით, იან კელიმ მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლოდან აკვირდება აფგან მუხთარლის საქმეს. ელჩმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტვისტების უსაფრთხოება. ჟურნალისტების თქმით, ელჩმა შეშფოთება გამოთქვა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი