ახალი ამბები

კობახიძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხი კონსტიტუციით აღარ მოწესრიგდება

5 ივნისი, 2017 • 2882
კობახიძე: სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხი კონსტიტუციით აღარ მოწესრიგდება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციით სამხედრო სამსახურის მოხდა სავალდებულო აღარ იქნება და ეს საკითხი პარლამენტის და მთავრობის პოლიტიკით მოწესრიგდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციიდან სამხედრო ვალდებულების შესახებ ნორმის ამოღება იმას არ ნიშნავს, რომ ეს სისტემა გაუქმდება:

“კონსტიტუციის დონეზე აღარ მოწესრიგდება ეს საკითხი. რაც იმას ნიშნავს, რომ   პარლამენტის და მთავრობის პოლიტიკით მოწესრიდგება. დადგინდება ის, თუ რა სახით ჩამოყალიბდება სისტემა,  იარსებებს თუ არ იარსებებს. პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორი სახით ჩამოყალიბდება სისტემა,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძე,.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია.

“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, სხვადასხვა მიზეზებს შორის, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი; არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი; მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებელი; ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; არის დედისერთა; ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.

ამჟამად პარლამენტში ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს და პასუხისმგელობას განსაზღვრავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი