ახალი ამბები

უმრავლესობის ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვან უწყებაში დასაქმდება

5 ივნისი, 2017 • 2628
უმრავლესობის ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვან უწყებაში დასაქმდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი ძალოვან უწყებაში გააგრძელებს მუშაობას. ეკა ბესელიას ზუსტად ვერ ამბობს, სად და რა თანამდებობაზე გადავა ბადაშვილი.

“ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ კარგი დინამიკის და დადებითი გადაწყვეტილების მიზნით განხორციელდება. ვიცი ის, რომ გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში იქნება. კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, ზუსტად ვერ გეტყვით, “- ამბობს ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, სტრუქტურული ცვლილებების მიზეზი ფინანსთა სამინისტროში არსებული სიახლეებია:

“ამაზე ალბათ სამინისტრო თავად ისაუბრებს. ცვლილება გარკვეულწილად უკავშირდება სამინისტროში მიმდინარე დადებით მოვლენებს. არ ვიცი,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვინ დაიკავებს გიორგი ბადაშვილის თანამდებობას,” – ამბობს ეკა ბესელია.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, გიორგი ბადაშვილი პატიოსანი ადამიანია და მისი საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობა კარგი იქნება:

“თავის პოზიციაზე ყოველთვის იყო ის ადამიანი, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და მის კომპეტენციასთან დაკავშირებით, მგონი, კითხვები არ არსებობს,” – ამბობს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ ბადაშვილი შესაძლოა პროკურატურაში გადავიდეს სამუშაოდ.

ბადაშვილი 2015 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსად. მანამდე, 2014–15 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი