ახალი ამბები

ყატარი ტერორიზმის მფარველობაზე ბრალდებებს უარყოფს

5 ივნისი, 2017 • 6357
ყატარი ტერორიზმის მფარველობაზე ბრალდებებს უარყოფს

იმ ქვეყნების რიგებს, რომლებმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს, იემენი და ლიბიაც შეურთდა. საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადაწყვეტილება ასევე დღეს მიიღეს.

ეს ქვეყნები ყატარს რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ყატარი ტერიროსტულ ჯგუფებს, მათ შორის ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” მფარველობს. BBC-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ყატარი შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციას, მათ ხშირად უხდებათ იმ ფაქტის უარყოფა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს არ ეხმარებიან.

BBC-ის ცნობით, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ფაქტებს არ ეყრდნობა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

დაახლოებით ორი კვირის წინ ყატარულ ონლაინ მედიაში გავრცელდა ყატარის ამირას შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის განცხადება, რომელშიც საუდის არაბეთს აკრიტიკებდა. ყატარის სახელმწიფო პირების მტკიცებით, ეს განცხადება ყალბი იყო და მედიასაშუალებები კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.

ყატარში დღეს დილიდან დაიწყო სავალუტო ბირჟაზე რყევები. ქვეყანაში საკვები პროდუქტის მთავარი შემტანი (დაახლოებით 40%-ის) საუდის არაბეთია, რომელმაც უკვე ჩაკეტა საზღვარი და არსებობს საფრთხე, რომ ყატარში საკვების მარაგზე პრობლემები შეიქმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი