ახალი ამბები

კობახიძე: კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე პარლამენტში სერიოზულად ვიმსჯელებთ

5 ივნისი, 2017 • 3589
კობახიძე: კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე პარლამენტში სერიოზულად ვიმსჯელებთ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას გადაწყდება, 94-ე მუხლს ბოლომდე ამოიღებენ, თუ  გარკვეული სახის რეგულაცია დარჩება. ამის შესახებ მან დღეს, 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით კამპანია აწარმოეს. კონკრეტული ადამიანები არგუმენტების საფუძველზე ითხოვდნენ ცვლილებების განხორციელებას. ამ საკითხზე პარლამენტში სერიოზული მსჯელობა იქნება. როგორი სახით შეიძლება რეგულაცია-  ბოლომდე იქნება ამოღებული, გარკვეული ვადით განისაზღვრება, თუ როგორ, ეს საპარლამენტო განხილვის ფორმატში გადაწყდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა აუცილებლად შედგება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციის პროექტს ხუტი კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ:

“ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ საბოლოო დასკვნას დაველოდოთ. აქედან გამომდინარე, 19 ივნისს, ერთ კვირაში დაგვჭირდება რიგგარეშე სესიის მოწვევა,”   – ამბობს ირაკლი კობახიძე და აღნიშნავს, რომ ივნისში კანონპროექტს ორი მოსმენით მიიღებენ.

კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი